მარცხი დიდ ბრძოლაში

საქართველო რუსეთთან მინიმალური სხვაობით დამარცხდა

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში წყალბურთში ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ჯგუფური ეტაპი წარმატებით დაძლია. რევაზ ჩომახიძის გუნდმა საფრანგეთს ანგარიშით 9:7 მოუგო, რის შემდეგაც საბერძნეთთან (10:17) და იტალიასთან (6:18) დამარცხდა, რაც მერვედფინალის საგზურისთვის საკმარისი აღმოჩნდა.

 

პლეიოფში ჩვენი ნაკრები რუსეთის გუნდს დაუპირისპირდა.

 

როგორც მოსალოდნელი იყო, შეხვედრა დაძაბული აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ რუსები ფავორიტებად ითვლებოდნენ, ჩომახიძის შეგირდებმა მათ ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიეს. პირველი ორი მეოთხედი (6:4; 3:2) რუსეთის გამარჯვებით დასრულდა. ჩვენმა გუნდმა მატჩის მიმდინარეობა მესამე მეოთხედის მოგებით (4:2) შეცვალა, თუმცა რუსეთმა ფავორიტის სტატუსი მაინც გაამართლა. უკანასკნელი, მე-4 მეოთხედი ფრედ, ანგარიშით 3:3 დასრულდა.

 

 

საბოლოოდ, საქართველო ურთულეს შეხვედრაში მინიმალური, 1-ბურთიანი სხვაობით 13:14 დამარცხდა.

 

აღსანიშნავია, რომ ჩვენი გუნდის შემადგენლობაში ფაბიო ბარალდი და მარკო იელაჩა ყველაზე შედეგიანები იყვნენ - მათ ანგარიშზეა 3-3 ბურთი. ზურაბ რურუამ, ბორის ვაპენსკიმ და დამირ ცრეპელიამ 2-2 გოლი გაიტანეს.

 

შეგახსენებთ, ევროპის ჩემპიონატის ფინალურს სტადიაში საქართველოს ნაკრებმა მონაწილეობა ისტორიაში მეოთხედ მიიღო. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ტურნირზე ჩვენმა გუნდმა წარმატებას მიაღწია. ამ მარცხით საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატს არ ემშვიდობება - ჩომახიძის გუნდი მე-9 ადგილისთვის ითამაშებს.