... არა, თქვენ მე სანაგვეზე მომისროლეთ

სასაცილოა იმის ცქერა, როგორ გექცევიან ადამიანები, როცა ყველაფერი კარგად გაქვს

გაგრძელება. დასაწყისი იხილეთ

„გენკში არდადეგების შემდეგ დავბრუნდი. სწორედ მაშინ გადამიყვანეს ახალგაზრდულიდან მეორე გუნდში. ამ დროს ჯერ არავინ ვიყავი, მაგრამ ძალიან ბევრს ვვარჯიშობდი. კარგად მახსოვს, ერთ დღეს როგორ შეიცვალა ყველაფერი. პარასკევ საღამოს ვთამაშობდით. მატჩი სათადარიგოთა სკამზე დავიწყე და მინდორზე შესვენების შემდეგ გამიყვანეს. გამიყვანეს და გავგიჟდი.ხუთი გოლი გავიტანე ერთ ტაიმში.

მერე ყველაფერი შეიცვალა. პირველ გუნდშიც გადამიყვანეს. კლუბი ჩემს მშობლებს დაუკავშირდა და აცნობა, რომ მზად იყვნენ რომელიმე ოჯახისთვის ჩემში ფული გადაეხადათ.ძალიან სასაცილოა იმის ცქერა, როგორ გექცევიან ადამიანები, როცა ყველაფერი კარგად გაქვს. ერთხელაც „ის ოჯახი“ მოვიდა კლუბის ოფისში. ქალბატონი ისეთი გამომეტყველებით მოვიდა ჩემთან, თითქოს მომხდარი დიდი გაუგებრობა იყო. მერე დაახლოებით ამდაგვარი რამ მითხრა: ჩვენ გვინდოდა, რომ დაბრუნებულიყავი. კვირის დღეები საერთო საცხოვრებელში ყიფილიყავი, უქმეები კი ჩვენთან გაგეტარებინაო.

შეიძლება ეს ამბავი ყურიდან ყურში უნდა გამეტარებინა, მაგრამ ძალიან ნაწყენი ვიყავი და ვუთხარი: „არა. თქვენ მე სანაგვეზე მომისროლეთ. ახლა კი ყველაფერი კარგად მაქვს და თქვენთან დაბრუნებას მთავაზობთ?“

 

 

თუმცა მათთვის წესით, მადლობა უნდა მეთქვა. რომ არა ისინი, დღეს, ალბათ, სულ სხვანაირი ვიქნებოდი. ეს გამოცდილება ჩემი კარიერის საწვავი გახდა.მაგრამ ლაქა კიდევ დიდხანს დამყვებოდა. მაგალითად, როცა გენკიდან ჩელსიში გადავედი, ბელგიურმა გაზეთებმა ისევ გაიხსენეს „იმ ოჯახის“ ამბავი და ის, თუ როგორი რთული ადამიანი ვარ.
მართალია, შეიძლება უცებ ავფეთქდე, განსაკუთრებით მინდორზე. კარგა ხნის განმავლობაში ვდუმვარ, ვიგროვებ განცდებს, ემოციებს. მერე უცებ თავს ვკარგავ, ყველაფერი გარეთ ინთხევა. თუმცა ეს სულ რამდენიმე წამს გრძელდება და მალევე ჩვეულებრივ ვაგრძელებ ცხოვრებას.

ჩელსიში ყოფნისას ჟურნალისტები ჩემსა და მოურინიუს დამოკიდებულებაზე წერდნენ. მაგრამ სიმართლე ის არის, რომ ჟოზეს სულ ორჯერ ველაპარაკე. 
2012-ში ვერდერში გადავედი და წარმატებული სეზონი ჩავატარე. როცა შემდეგ ზაფხულს ჩელსიში დავბრუნდი, რამდენიმე გერმანულ კლუბს სურდა ჩემი გადაბირება. კლოპი მეძახდა დორტმუნდში და ეს საუკეთესო  ვარიანტად მიმაჩნდა, რადგან მათი სტილი ძალიან მომწონდა. ვიფიქრე ჩელსი გამიშვებდა, მაგრამ მოურინიუმ მომწერა: „უნდა დარჩე. მინდა, რომ გუნდის სრულფასოვანი ნაწილი იყო.“

დავთანხმდი. სეზონის წინ განწყობა კარგი მქონდა. ოთხი მატჩი ვითამაშე. ციდან ვარსკვლავები არ მომიწყვეტავს, მაგრამ ნორმალურად ვითამაშე. მეოთხე მატჩის შემდეგ კი ყველაფერი დამთავრდა. სკამზე დამსვეს და საერთოდ აღარ მათამაშებდნენ. არც აუხსნიათ რატომ. უსარგებლო გავხდი.

 

 

ახლა რომ აღმოვჩენილიყავი ასეთ ვითარებაში, ვიცი რასაც გავაკეთებდი. მაგრამ მაშინ, 21 წლის ყმაწვილმა, რა ვიცოდი, როგორ მოვქცეულიყვი. მერე თასზე სუინდონთან მატჩში მომცეს შანსი, მაგრამ ცუდ ფორმაში ვიყავი და უხეიროდ ვითამაშე. ეს უკვე დასასრული გახლდათ.

დეკემბერში ჟოზემ გამომიძახა და მითხრა, რომ ნაკლებეფექტური ვიყავი. ესეც მეორე გადამწყვეტი მომენტი ჩემს კარიერაში.
გულწრფელად ვუთხარი: თამაში მინდა და თუ თქვენთან ძირითადში ვერ ვხვდები იჯარით გამიშვით სადმე - მეთქი. შევატყვე, ჟოზეს არ ესიამოვნა. თუმცა მალე მაინც გამყიდეს და სწორედ ამის შემდეგ დაიწყო ჩემი ნამდვილი კარიერა.“