ლევან ხარაბაძე - თებერვლის მოლოდინში

ქართველი მცველი ოპტიმისტურადაა განწყობილი

ქართველი მცველი ლევან ხარაბაძე ტრავმირებული გახლდათ და საკმაო დრო გაუცდა. 19 წლის უკანახაზელი სექტემბრის მერე უთამაშებელია და კვლავაც მკურნალობს. ამ თემაზე Leadersport.ge ფეხბურთელს შვეიცარიაში დაუკავშირდა და კომენტარი ჩამოართვა.

 

„საზარდულის ტრავმა მქონდა და ძვალზე მცირე ანთებაც მაწუხებდა. ახლა ვმკურნალობ და დიდი ალბათობით მალე გამოვჯანმრთელდები. მცირე ტკივილები კვლავ მაქვს, თუმცა ესეც გაივლის. თვის ბოლომდე ინდივიდუალურად მსუბუქად ვივარჯიშებ, შემდეგ  ვნახოთ როგორ იქნება. იმედია თებერვლიდან გუნდთან ერთად ჩვეულებრივად მოვემზადები და მალე ვითამაშებ კიდეც“.-თქვა ხარაბაძემ.

 

შეგახსენებთ, რომ ხარაბაძე ციურიხში წინა წლის დასაწყისში თბილისის დინამოდან გადავიდა. შარშან მას საქართველოს ნაკრებში დებიუტი ჰქონდა. ქართველმა უკანახაზელმა ირლანდიის, გიბრალტარის და კორეის ნაკრებების წინააღმდეგ ითამაშა.