UFC-ის ყოფილი ჩემპიონი ავადმყოფ შვილს ძვლის ტვინს დაუთმობს

7 მარტს დაგეგმილი ბრძოლიდან მან თავი მოიხსნა

რამდენმე დღის წინ UFC-ის ყოფილმა ჩემპიონმა, რობერტ უიტაკერმა ჯარედ კანონიერთან დაგეგმილი ბრძოლიდან თავი მოიხსნა. დაპირისპირება ლას ვეგასში 7 მარტს უნდა გამართულიყო.


მიზეზად უიტაკერმა პირადი პრობლემები დაასახელა, თუმცა მოგვიანებით ამ საქმის დეტალები ცნობილი გახდა.


UFC-ის პრეზიდენტმა, დანა უაითმა, უიტაკერის გადაწყვეტილებაზე ისაუბრა.


"ცხოვრებაში მსგავსი შემთხვევა არ მქონია - მიზეზი, რის გამოც მან თავი მოიხსნა, ალბათ, ყველაზე უანგარო რამაა, რაც ოდესმე მინახავს. ის კარგი ადამიანია, მას უდიდეს პატივს ვცემ. წარმატებას ვუსურვებ იმ საქმეში, რომელსაც ახლა შეეჭიდა. სიტყვებით ვერ გადმოვცემ, რასაც მის მიმართ ვგრძნობ - ის ნამდვილი კაცია.


მაპატიეთ, ამ ამბავს ვერ გავამხელ, რადგან ეს მისი პირადი საქმეა. როდესაც მოისურვებს, ყველაფერს თავად მოგიყვებათ", - თქვა უაითმა.


საბოლოოდ, დაუდასტურებელი ინფორმაციით დადგინდა, რომ უიტაკერის ქალიშვილი მძიმე სენს, სიმსივნეს ებრძვის. ამისათვის გოგონას დონორი სჭირდება - მამამისი მას ძვლის ტვინს გადაუნერგავს.