ბითაძე უკეთესი იქნება

ბევრს ნიშნავს მთავარი მწვრთნელის ნდობა და გოგა ამას გრძნობს. 

გოგა ბითაძეს ნორმალური სეზონი აქვს. ალბათ, ის, რასაც ჩვენი ბიჭი იმსახურებს. და, გოგა არ დგას, წინ მიდის.

თუ თქვენ გეგონათ, რომ ბითაძე საშუალოდ ორმაგ დუბლზე გავიდოდა, მაგრად ცდებოდით.

თუ თქვენ გეგონათ, რომ ბითაძე კვირაში ერთხელ 20 და მეტ ქულას აიღებდა, მაგრად ცდებოდით.

თუ თქვენ გგონიათ, რომ გოგას სტატისტიკა მისთვის მიუღებელი, ცუდია, თქვენ უკვე მაგრად ცდებით.

გოგა დღეს - 3.2 ქულა, 2.3 მოხსნა, 0.5 პასი, 0.7 დაფარება, 0.1 ჩაჭრა.

იდეაში, არაფერი განსაკუთრებული. და, რეალურად, გოგა იღებს გამოცდილებას. რაც, კალათბურთის განვითარების გათვალისწინებით, მისთვის ფასდაუდებელია.

გოგა არის გუნდში, რომელიც აღმოსავლეთის ყველაზე დიდი მოულოდნელობაა. ინდიანა არ უნდა ყოფილიყო ასეთი კარგი, სტაბილური, მომთმენი. ინდიანას თამაშების ნახევარი უნდა წაეგო, რადგან მთელი რეგულარულის დროს სტაბილურად ჰყავს დალეწილი ხალხი.

ინდიანა ჯერ ვიქტორ ოლადიპოს გარეშე თამაშობს და გუნდის ძირითადი ცენტრი (მაილზ ტერნერი) კვირაში ერთხელ რესპექტაბელურ დონეზე ადის. სხვა დროს - ტერნერი უმუღამოდ დარბის. ჩვეულებრივი მაილზი.

ბითაძემ ისწავლა მოთმენა. გოგამ ისწავლა დარტყმების ატანა, დარტყმების დაბრუნება. გოგა უკეთესი გუნდური მოთამაშე გახდა. ინდაინაში იციან, გაიგეს, რომ ბითაძეს აქვს ნორმალური საშუალო სროლა და შეძლებისდაგვარად, მას გარეთ ამოსვლაც ევალება. გოგას შეუძლია ოპონენტის მაღლების დაღლა, მაგრამ ბითაძე ჯერ სამწამიაანში უნდა დაიხვეწოს.

ბევრს ნიშნავს მთავარი მწვრთნელის ნდობა და გოგა ამას გრძნობს. და, გოგა ხედავს, რომ ინდიანა გუნდური კალათბურთის იდეალური მაგალითია. უბრალოდ, გუნდი სხვა კალათბურთს ვერ თამაშობს, აგებს.

ბითაძის სტატისტიკა უკეთესი იქნება. კარგია, თუ გოგა ამაზე ნაკლებად ინერვიულებს და მიიღებს იმას, რასაც მისცემენ. თუ გუნდი მოიგებს, გოგას საქმეებიც უკეთ წავა.

მანამდე - ბრავო, გოგა და წარმატებები.