ტოჩის ერთი ფენა დააკლდა

ასანოიამას ძლევის შემდეგ...

ჰაცუ ბაშოს მეთერთმეტე დღეს, ტოჩინოშინის მეტოქე 34 წლის ვეტერანი, აღმოსავლეთის მე-4 მაეგაშირა ოკინოუმი იყო. ამ შერკინებამდე მოწინააღმდეგესთან ლევანი ურთიერთშეხვედრებში უპირატესობას ფლობდა - 8:5. ასანოიამას ძლევის შემდეგ, შესაძლოა, გულშემატკივარი ჩვენებურისგან აქ უპრობლემო გამარჯვებას ელოდა, თუმცა ქართველის სუმო ამ ბაშოზე არასტაბილურია.

 

ტაჩი-აი (თავდაპირველი შეტაკება) ლევანს ძალიან კარგი გამოუვიდა, მარცხენა ხელით მავაში (ქამარი) აიღო, რის შემდეგადაც თითქმის ყოველთვის იმარჯვებს ხოლმე, თუმცა ეს ის შემთხვევა გამოდგა, რის გამოც სიტყვა „თითქმის“ გამოყენება გვიწევს - ტოჩინოშნმა მავაშის მხოლოდ ერთი ფენა აიღო, რის გამოც მოწინააღმდეგე ვეღარ დაძრა და ოკინოუმიმ ამით ისარგებლა, ტოჩის წონასწორობა დააკარგვინა და იორიკირის კიმარიტეთი (ილეთით) დოჰიოდან გადაიყვანა...

 

ლევანის ანგარიშზე 5 მოგება და ექვსი მარცხია, ხვალ კი ძალიან რთული ორთაბრძოლა ელოდება, მისი მეტოქე ოძეკი ტაკაკეიშო იქნება...