რა ხდება სუმოში? - ფავორიტები, აუტსაიდერები...

იანვრის ბაშო ძალიან დაძაბული გამოვიდა, პრინციპში, 4 დღის შემდეგ ეს ლოგიკურიც იყო...

ჰაცუ ბაშოს მეთერთმეტე დღე მიილია და იმპერატორის თასისთვის მებრძოლი რიკიშები გამოიკვეთნენ, გავარკვიეთ, რომ სეკივაკე ტაკაიასუ ოძეკის რანგს ვეღარ დაიბრუნებს, კადობან-ოძეკი გოეიდო, თუ დარჩენილ ოთხ შერკინებას არ მოიგებს, შემდეგ ბაშოზე სეკივაკეს რანგამდე დაქვეითდება, ტოჩინოშინს, ტრავმებისა და გაციების გამო, სრულფასოვანი მოსამზადებელი პერიოდი არ ჰქონია და მხოლოდ კაჩი-კოშისთვის (დადებითი ბალანსი) იბრძვის...

 

 

მაშ ასე, მივყვეთ დეტალურად

 

პირველ ყოვლისა, ჰაკუჰოსა და კაკურიუს შესახებ უნდა ითქვას. ორივე იოკოძუნა ბაშოს დასაწყისშივე ჩაეხსნა, რადგან დიდი ჩემპიონისთვის შესაფერისი სუმო ვერ აჩვენეს. ამაყი მონღოლები ხომ მხოლოდ იმპერატორის თასისთვის იბრძვიან.

 

ტოკუშორიუს სახელი მხოლოდ სუმოში ღრმად ჩახედულმა ადამიანებმა იცოდნენ. 33 წლის ვეტერანის ყველაზე წარმატებული პერიოდი 2015 წელს ჰქონდა, როდესაც ჯუნ-იუშო (იმპერატორის თასის მფლობელის შემდეგ პირველი) დააფიქსირა, შემდეგ კი დასავლეთის მე-4 მაეგაშირა გახდა. სექტემბერსა და ნოემბერში მან ჯურიოში (სუმოში რანგით მეორე დივიზიონი) მინიმალური კაჩი-კოში (8:7-ზე დადებითი ბალანსი) დააფიქსირა და მაკუუჩიში (უმაღლესი დივიზიონი) გადაბობღდა. ასეთი კაცისგან ვინ რას ელოდა? ადგა და 11-დან 10 ორთაბრძოლა მოიგო, ტავარაზე (დოჰიოზე შემოვლებული თიხის წნელი) ნამდვილი ტანმოვარჯიშესავით დაფარფატებს და შოდაისთან ერთად იანვრის დიდ ტურნირს ლიდერობს...

 

მოსალოდნელი არც შოდაის პირველობა იყო, თუმცა ის ტოკუშორიუზე მაღალი დონის რიკიშია (სუმოტორი), სეკივაკეც ყოფილა და წინა ბაშოზე ჯუნ-იუშოც (იმპერატორის თასის მფლობელის შემდეგ პირველი) გახდა.

 

ტაკაკეიშო - შოდაი

 


 

შეძლებენ კი ისინი დარჩენილი 4 ორთაბრძოლაც ისევე მაღალ დონეზე ჩაატარონ, როგორც წინა თერთმეტი? აღსანიშნავია, რომ შოდაიმ ბევრი მაღალი დონის სუმოტორი დაამარცხა: ტოჩინოშინი, ასანოიამა, ტაკაკეიშო - ტოკუშორიუს კი, მისი დაბალი რანგიდან გამომდინარე, სუმოს სამყაროს გოლიათებთან ჭიდილი ჯერ არ მოუწია. ტოკოშორიუ მეთორმეტე დღეს კაგაიაკის თუ დაამარცხებს, სუმოს მამები მას ბოლო 3 დღეში უკვე ძალიან სერიოზულ გამოცდებს მოუწყობენ...

 

ერთადერთი მარცხი შოდაიმ ოძეკ გოეიდოსთან, ტოკუშორიუმ კი კაისესთან იწვნია.

 

მიუხედავად ბალანსისა, იანვარის დიდი ტურნირის მთავარი ფავორიტი მაინც ოძეკი ტაკაკეიშოა, რომელიც პირველ ადგილოსნებს მხოლოდ გამარჯვებით ჩამორჩება. რატომ? იმიტომ რომ მას იმპერატორის თასი მოგებული უკვე აქვს, წოდებითაც უფრო მაღლა დგას და დიდი ხანია სტაბილურად ასპარეზობს...

 

ოძეკისთან ერთად, 9:2-ზე ბალანსი კიდევ ორ სუმოტორს: დასავლეთის მე-9 მაეგაშირა იუტაკაიმასა და დასავლთის მე-11 მაეგაშირა კაგაიაკის აქვთ. ორივე ძალიან პერსპექტიული რიკიშია, თუმცა იუტაკაიამამ 2018 წლის ნაგოია ბაშოზე ჯუნ-იუშო მოიპოვა. აქამდე მას ოში-ძუმოს (დისტანციაზე ბრძოლა) ოსტატად ვიცნობდით, თუმცა ამ ტურნირზე დაამტკიცა რომ ჭიდაობა ქამარშიც (იოცუ-ძუმო) შეუძლია, რითაც მისი სუმო უფრო მრავალფეროვანი გახადა...

 

შოდაი - გოეიდო (ოძეკის კლასი)

 


 

სეკივაკე ტაკაიასუ 10 გამარჯვების შემდეგ ოძეკის წოდების დაბრუნებას შეძლებდა, თუმცა 11 დღის შემდეგ მხოლოდ 4 გამარჯვება მოიპოვა და კაჩი-კოში (დადებითი ბალანსი) სანატრელი გაუხდა...

 

კადობან-ოძეკი (ოძეკი, რომელიც უარყოფითი ბალანსის დაფიქსირების შემთხვევაში სეკივაკემდე დაქვეითდება) გოეიდო, მისი ფორმიდან გამომდინარე, თითქმის შეუსრულებელი მისიის წინაშე დგას - შემდეგი ოთხი შერკინებიდან ოთხივე უნდა მოიგოს...

 

ტოჩინოშინზე ყოველდღე ვწერთ და განსაკუთრებული ყურადღება ამ მასალაში მასზე ამიტომაც არ გავამახვილეთ. ქართველმა გოლიათმა მოსამზადებელი ეტაპი სრულფასოვნად ვერ გაიარა, მას ამაში ხელი ტრავმებმა და გაციებამ შეუშალა, შესაბამისად სუმოც არასტაბილური გამოუვიდა - მეთერთმეტე დღისთვის უარყოფითი ბალანსი (5:6) აქვს და ერთ დღეს ასანოიამას თუ უგებს, მეორე დღეს ოკინოუმისთან მარცხდება...

 

ტოჩინოშინი - ენჰო

 

 

თუ რამე სასწაული არ მოხდა, მაკუუჩი დივიზიონს კოტოეკო (მე-13 მაეგაშირა: 2:9) და შიმანოუმი (მე-14 მაეგაშირა 4:7) დატოვებენ. კოტოეკოსგან ეს გასაკვირი არ არის, სულ მაკუუჩისა და ჯურიოს ზღვარზეა, შიმანოუმისთვის კი მაკუუჩი დივიზიონში ეს სულ მეხუთე ბაშოა...

 

ტრადიციულად, პატარა ენჰო ულამაზეს სუმოს გვთავაზობს. მისი გაბარიტებიდან გამომდინარე,  ბაშოს მოგების მთავარი ფავორიტი, ალბათ, ვერასდროს იქნება, თუმცა მის შერკინებებში სანახაობა მუდმივად გარანტირებული გვაქვს...

 

ასანოიამა - ენჰო

 

 

ჯურიოს დივიზიონში საოცრად გამოიყურება ექს-ოძეკი ტერუნოფუჯი, რომელმაც 11 დღეში თერთმეტი ორთაბრძოლა მოიგო. ურთულესი ტრავმის შემდეგ, მანამდე ოძეკობას მიღწეულმა მონღოლმა, ისევ ფსკერიდან დაიწყო და, როგორც ვხედავთ, შესანიშნავ ფორმაშია. ის ახლა ჯურიოს მე-13 მაეგაშირაა და ძენშო-იუშოც (დაუმარცხებლად მოგება) რომ გაიფორმოს, ალბათ, შემდეგი ბაშოსთვის მაკუუჩიში მაინც ვერ გადავა...

 

ჰოშორიუ, ლეგენდარული მონღოლი იოკოძუნას, ასაშორიუს ძმისშვილი, ჯურიოში ულამაზეს სუმოს გვთავაზობს. მას ბალანსი 7:4-ზე აქვს,  7-დან 5 კი ნაგეთი (გდებით) მოიგო. შესაძლებელია, ჰაკუჰოს და კაკურიუს წასვლის შემდეგ, მონღოლური დომინაცია სწორედ ამ ორმა რიკიშიმ გააგრძელონ...

 

ჰოშორიუ - ტაკაგენჯი