ინტერვიუ ჯანოს აგენტთან

თეიმურაზ ლეფსაიამ ანორთოსისში ჯანოს ტრანსფერზე ისაუბრა

ჯანო ანანიძის აგენტმა, თეიმურაზ ლეფსაიამ, ანორთოსისში ქართველის ტრანსფერის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა. კონტრაქტის მიხედვით, 27 წლის ნახევარმცველი კვიპროსულ გუნდში მიმდინარე სეზონის ბოლომდე დარჩება.

 

"ჯანოს გადაწყვეტილებაში მთავარი როლი თემურ ქეცბაიამ ითამაშა. უკვე დიდი ხანია, რაც ის ჯანოს იცნობს - ამ ფეხბურთელის შესაძლებლობებს თემური კარგად იცნობს - მას ზუსტად ესმის, ანანიძეს რა უნდა მოსთხოვოს. ანორთოსის სწორედ ასეთი მოთამაშე სჭირდება. ამასთან ერთად, ამ კლუბში ჯანოს ბევრი მეგობარი დახვდა (ლეფსაიამ გიორგი ლორია, მურთაზ დაუშვილი, თორნიკე ოქრიაშვილი და ნიკა კაჭარავა იგულისხმა). კარიერის გაგრძელება თურქეთში, საბერძნეთში ან რუსეთში შეგვეძლო - ფინანსური კუთხით ეს შემოთავაზებები გაცილებით მომგებიანი იყო, თუმცა კარიერული თვალსაზრისით, მეტად სასარგებლო გადაწყვეტილება მივიღეთ. ჯანოს ფეხბურთის თამაში სურს, მან საკუთარი კარიერის გადატვირთვა გადაწყვიტა. ის 27 წლისაა, მას მაღალ დონეზე თამაში დიდი ხანი მოუწევს. ხაზგასასმელია ის ფაქტიც, რომ წლევანდელ სეზონში ანორთოსისი ჩემპიონობისთვის რეალური პრეტენდენტია. ვაღიაროთ, სატურნირო ცხრილის შუაში უაზრო ფაფხურს ტიტულისთვის ბრძოლა სჯობს. გასავარდნ ზონაზე ფიქრს ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის თამაში გვირჩევნია"

 

- როგორც ვიცით, სპარტაკი და ჯანო კონტრაქტის გაწყვეტაზე მალევე შეთანხმდნენ. ნამდვილად ასეა?

 

"დიახ, სპარტაკთან კონტრაქტის ვადამდელ შეწყვეტაზე ზედმეტი პრობლემები არ შექმნილა. მოსკოვურ გუნდა არ ვევაჭრეთ, შემოთავაზებულ პირობებს უბრალოდ დავთანხმდით. ჯანო ისეთი ადამიანია, რომლისთვისაც ადამიანური ურთიერთობები და სამუშაოსადმი სწორი მიდგომა ყველაფერზე მაღლა დგას"

 

- ანორთოსისთან კონტრაქტი მხოლოდ სეზონის ბოლომდე რატომ გააფორმეთ?

 

"ხანგრძლივ ხელშეკრულებასაც გვთავაზობდნენ, თუმცა ჩავთვალეთ, რომ სეზონის ბოლომდე კონტრაქტის შეთანხმება იდეალური იქნებოდა. იმ შემთხვევაში, თუ ჯანოს აქაურობა მოეწონება, ამ გუნდში ისევ დარჩება. შეგახსენებთ, საქართველოს ევროპის ჩემპიონატზე გასვლის რეალური შანსი აქვს - ერთა ლიგის ფინალურ ეტაპზე გამარჯვების შემთხვევაში ჩვენი ნაკრები ამ ტურნირზე ითამაშებს. სწორედ ამიტომ, ნახევარწლიანი კონტრაქტი შევათანხმეთ. ვნახოთ, მომავალში რა ვარიანტები გამოჩნდება. ამჯერად, საკუთარ თავზე ხანგრძლივი ვალდებულებების აღება არ გვსურს"

 

- ჯანო თამაშს როდის შეძლებს?

 

"ანორთოსისს უახლოესი თამაში ომონიასთან აქვს. ამ მატჩში ჯანო ვერ ითამაშებს, თუმცა ის იმედოვნებს, რომ ახალ გუნდს მალევე დაეხმარება. მისთვის ფიზიკური კონდიციების აღდგენა აუცილებელია. როგორც იცით, სპარტაკმა ის შეკრებაზე არ წაიყვანა - ჯანო ფორმას დამოუკიდებლად ინარჩუნებდა. აღსადგენად მას დრო დასჭირდება“

 

შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში ჯანომ სპარტაკის შემადგენლობაში 10-ჯერ ითამაშა. მის ანგარიშზეა 1 საგოლე გადაცემა.