ისტორიები რაკეტაზე (+VIDEO)

არიენ რობენი იუბილარია, 36 წლის გახდა. ბევრს უკვე მოენატრებოდა მისი ქორივით ჩაფრენები მარჯვნიდან, მარცხენა ფეხით ჩახვეულები, ან ძალაზე გათვლილები.

შარშან დაასრულა კარიერა და ბავშვების გაწვრთნა დაიწყო.

 

მიუნხენში, 7–8 წლის ბავშვებს ავარჯიშებს. თავისი შვილი კაი რობენი, ფრანკ რიბერის ვაჟი და კარლ–ჰაინც რუმენიგეს შვილიშვილიც ჰყავს გუნდში.

 

რობენი და გახოკიძე პსვ–ში... გრონინგენიდან დაიწყო, 18 წლის ასაკში პსვ–ში მოხვდა, მერე იყო ჩელსი, რეალი და ათწლიანი კარიერა ბაიერნში. ქართველის გვერდშიც თამაშობდა, თუმცა უფრო სწორად რომ დავწეროთ – ქართველის კონკურენტი იყო. გოგა გახოკიძე პსვ–ის ძირითადში იყო, როცა რობენი მიიყვანეს. თავიდან გოგა თამაშობდა და რობენი სკამიდან უყურებდა, მაგრამ ჰოლანდიელი პატარა ბიჭის დაწინაურება ერთმა ამბავმა დააჩქარა: ფრანგულ ოსერთან თამაშამდე ქართველს დარბაზში 5 წუთით დააგვიანდა და მწვრთნელმა გუს ჰიდინკმა ზედიზედ 8 თამში განაცხადს მიღმა დატოვა... ეს ვიცით თავად გახოკიძისგან. მერე კი ვინღა ამოაგდებდა რობენს, ბიჭი დაფრინავდა.   

 

 

ბრაზილიელი კერპი... რობენი გრონინგენის მახლობლად მდებარე პატარა ქალაქ ბედიუმში დაიბადა და გაიზარდა. იქ ყველა გრონინგენს ქომაგობდა, მაგრამ ბიჭისთვის N 2 კლუბი იყო. N 1 კი – პსვ... საქმე ისაა, რომ პსვ–ში თამაშობდა რომარიო.

 

„პირველი მატჩი, რომელსაც სტადიონზე ვუყურე, გრონინგენი–პსვ იყო. და ვხედავდი, რას აკეთებდა რომარიო. გამოცანად დარჩა, როგორ აკეთებდა!“.

 

17 გოლი... ბავშვობაში ერთ მატჩში 17 გოლი გაიტანა, მაგრამ მამა მაინც კრიტიკული იყო. არანაირი შეღავათი დისციპლინაში! ამ თამაშიდან რამდენიმე დღეში რობენს ბუცები სახლში დარჩა. ბიჭმა მანქანაში, მგზავრობისას უთხრა მამას და თან დააყოლა, არაფერია, თანაგუნდელი მათხოვებსო.

 

მამა ასე არ ფიქრობდა. მოატრიალა მანქანა და სახლში წამოიყვანა შვილი: „არ გაქვს ბუცი? არც ითამაშებ!“.

 

რობენი გრონინგენის ჩემპიონი იყო სპორტულ ტანვარჯიშში, ისევე როგორც მისი და. ბიჭი მაგრად თამაშობდა ჩოგბურთსაც. საინტერესოა, რომ 2014 წელს ჰოლანდიის წლის სპორტსმენად სწორედ ტანმოვარჯიშე ეპკე ზონდერლანდი დაასახელეს, რომელმაც გამოკითხვაში რობენს ერთი ხმით გაუსწრო.    

 ეგოიზმი... ბაიერნში ხშირად აკრიტიკებდნენ ეგოისტური თამაშისთვის. მართლაც, რაც დრო გადიოდა, რობენი უმატებდა კარში დარტყმებს და უკლებდა პასებს. ერთობოდა, თანაგუნდელებს ვერ ხედავდა. მოგვიანებით კი ჰოლანდიელმა აღიარა, რომ ზღვარდაგასულმა კრიტიკამ შეცვალა და ყველასთვის უნდოდა პასუხი ბრაზით გაეცა.