ასე არ შეიძლება...

რთულად მოსასმენია მაგრამ ფაქტია, საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ტაჯიკეთთან დამარცხდა

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა მინსკის განვითარების ტურნირზე მესამე მატჩი ჩაატარა. გიორგი ჩიტაურის შეგირდები ტაჯიკეთს შეხვდნენ და მოულოდნელად 1:2 დამარცხდნენ. ანგარიში მე-18 წუთზე თბილისის დინამოს მცველმა თორნიკე დუნდუამ გახსნა, 35-ე წუთზე ტაჯიკელთა შემტევი ჩვენს მცველებს მშვენივრად გასცდა და თანაგუნდელს უპასა, მანაც მეკარე მოატყუა და ბურთი ცარიელ კარში შეაგორა. მატჩს წერტილი 78-ე წუთზე დაესვა.

 

შეგახსენებთ, რომ ეს მინსკის ტურნირზე ქართველი ჭაბუკების მესამე მატჩი გახლდათ. პირველ შეხვედრაში ჩვენები ისრაელს გაეჯიბრნენ და თამაში 1:1 დასრულდა, მეორე მატჩი კი ისლანდიასთან ქართველთა სასარგებლოდ 1:0 დასრულდა.

 

შემადგენლობა: ხარატიშვილი; ზოსიაშვილი (ონიანი 72), ხვადაგიანი, დუნდუა (მამაგეიშვილი 41), უბილავა (გვიშიანი 41), ტატიშვილი (გაგნიძე 41), აბჟანდაძე (41) აბუაშვილი, ლობაშვილი, სალუქვაძე, უგრეხელიძე, (მამაგეიშვილი 41), თუთაშვილი (ჩხეტიანი 41).

 

გულზე ხელი დავიდოთ და საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ტაჯიკეთთან არ უნდა აგებდეს, რა ფორმაციის გუნდიც არ უნდა იყოს და რა ტურნირიც არ უნდა იყოს.

 

ბოლო წლებში ასაკობრივებმა რამდენიმე მწარე მარცხი კი იწვნიეს, თუმცა ტაჯიკეთთან წაგება ზღვარს სცილდება. ეს იმ შესარჩევის გამოძახილად უნდა მივიჩნიოთ, სადაც ჩიტაურის შეგირდებმა გოლი ვერ გაიტანეს და ისე მიიღეს ელიტრაუნდის საგზური. რთულად მოსასმენ-წასაკითხია, მაგრამ ფაქტია. საქართველოს 17 წლამდელთა ნაკრებმა არასაფეხბურთო ქვეყნის თანატოლებთან წააგო.

 

მართალია ჩვენმა დღევანდელმა მეტოქემ 6 ქულა დააგროვა და პირველ ადგილზე გავიდა, თუმცა ეს ნაკლებად არის თავის გასასამართლებელი მიზეზი. მეორე პოზიცია 4 ქულით ისრაელმა დაიკავა, მესამეზე ჩვენი თანამემამულეები ამდენივე ქულით გავიდნენ, ისლანდია კი უქულოდ ბოლოზეა.