ქარიშხალამ მორიგი მატჩი მოიგო

ქალთა უმაღლესი ლიგა ხელბურთში ქუთაისის სპორტის სასახლეში განახლდა

ქალთა უმაღლესი ლიგა ხელბურთში ქუთაისის სპორტის სასახლეში განახლდა. ქარიშხალამ 30-27 დაამარცხა სამტრედია და 12 ქულით ლიდერობს. პეგასმა მოუგო აჭარას, 24-17.

 

ქარიშხალა-სამტრედიის მატჩში თავიდან ბოლომდე ბრძოლა იყო. სამტრედიამ ტაიმი წააგო (13-14) და მეორე ნახევრის დასაწყისშივე წინ გავიდა, 15-14. თბილისელებმა ისევ შეიქმნეს უპირატესობა,  დასრულებამდე ორწუთნახევრით ადრე სამტრედიელმა ბურკაძემ სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა - 26-27, თუმცა, კირვალიძემ იქვე უპასუხა და ქარიშხალამ კიდევ ორი გოლის გატანა მოასწრო - 30-27.

 

მეორე გამარჯვება მოიპოვა პეგასმა - თბილისის მეორე გუნდმა აჭარას მოუგო ტაიმიც (12-9) და მთელი თამაშიც - 24-17, ხოლო აჭარელებმა 5 შვიდმეტრიანი ვერ გამოიყენეს.

 

ხვალ ქუთაისში პირველ წრეს დაასრულებენ სამტრედია-პეგასი, აჭარა-ქარიშხალა. დანარჩენი 4 გუნდი - ყვარელი, ფოთი, მამული და წყალტუბო იგივეს თბილისში, 30-31 იანვარს გააკეთებს.

 

ორწრიანი ტურნირის შემდეგ 4 საუკეთესო გუნდი ფინალურ ოთხეულში გავა. ცხრილში დიდი სიმჭიდროვეა. 4 ქულით წინაა ქარიშხალა და ოთხით ჩამორჩება ყვარელი, დანარჩენ 6 გუნდს, ანუ მეორე-მეშვიდე ადგილებს შორის სხვაობა იგივე 4 ქულაა.

 

მომზადებულია საქართველოს ხელბურთის ფედერაციის გვერდის მიხედვით