ლეიკერსის რუბიკ კუბიკი

შემდეგი თამაში ლეიკერსს აქვს ფილადელფიაში. ქალაქი, რომელმაც სამყაროს კობი აჩუქა. 

როგორც კლაივ ბარკერის საოცარ ჰორორში Hellraiser, ამერიკულ ლიგაშიც რუბიკ კუბიკს აწყობენ. და, როგორც იმ ელეგანტურ სადიზმში, მთავარი გმირი აქაც ჯოჯოხეთს ხსნის. და, იწყება სისხლის წვიმა.

ბრუკლინში ლეიკერსმა რუბიკ კუბიკი მესამე მეოთხედის ბოლოს გახსნა და დაიწყო ტკივილი.

ლეიკერსმა 128:113 დასვა.

ლებრონ ჯეიმსმა 27+12 მოხსნა+10 პასი გაარტყა და მიმდინარე რეგულარულში მეათე სამმაგი დუბლი დატოვა. და, ლეიკერსმა დაასვენა ჯავეილ მაკგი, რომელიც მაღალი სიცხით იყო.

ლებრონმა მოიგო. იმიტომ, რომ ლებრონი მეფეა. და, სამეფოში სიმშვიდე იყო. ჯეიმსის გუნდი ემზადება დიდი ნადირობისთვის, რომელიც აპრილის მეორე კვირიდან დაიწყეა. ლებრონის სამეფო ემზადება ფლეი ოფისთვის.

ენტონი დევისი იყო ჩვეულებრივი (16+11 მოხსნა). დუაიტ ჰოვარდი იყო არაჩვეულებრივი (14+12 მოხსნა). და, ჰოვარდი ყველა ვარსკვლავის მატჩის დროს ხორციანი ჩატენვების კონკურსში მიიღებს მონაწილეობას. დუაიტთან ერთად დაბრუნდა სუპერმენი.

ბრუკლინი მძიმედ არის. გუნდმა ზედიზედ მეუთე და ბოლო 14 მატჩიდან მეთორმეტე წააგო. კაირი ირვინგი დაბრუნდა და მის გარეშე ნეთსი უკეთესი, უფრო შეკრული იყო.

და, ლებრონმა შეამცირა ჩამორჩენა კობი ბრაიანტთან.

17 ქულაც და ჯეიმსი კობიზე შედეგიანი იქნება. უკეთესი - დიდი ხნის წინ. დარჩა მხოლოდ - შედეგიანი. ეს, რაც ჯეიმსისთვის არ არის მნიშვნელოვანი.

და, ის, რაც ლებრონისთვის ისტორიული გახდება.

შემდეგი თამაში ლეიკერსს აქვს ფილადელფიაში. ქალაქი, რომელმაც სამყაროს კობი აჩუქა.

სიმბოლური იქნება, ჯეიმსმა ბრაიანტის შედეგი იქ რომ გადაამტვრიოს. მიდი, შეუბერე, მოკალი!