წითლების კაცი

... მის გარეშე ეს არ იქნებოდა

მსაჯის საფინალო სასტვენმა ცივ და გაყინულ მიდლენდში დაახლოებით 3 ათასი ლივერპულელი ქომაგის დიდი ყიჟინა გამოიწვია. ფეხბურთელები ერთმანეთს ულოცავდნენ და მხარზე ხელს უტყაპუნებდნენ. 

ლივერპულმა ძალიან რთულ მატჩში მაინც დაამარცხა ვულვზი. ეს უკვე საჩემპიონო მენტალობის გამოვლენა იყო - მთლად კარგად ვერ ითამაშეს, მაგრამ მაინც მოიგეს.

გაყინული გულშემატკივრები განსაკუთრებით ჯორდან ჰენდერსონს მიესალმებოდნენ, რომელიც უბრალო კაპიტანი აღარ არის, ის მთავარი კაცი იყო მინდორზე და ლომის წილი დაიდო „წითლების“ ურთულეს გამარჯვებაში.

 

ჰენდერსონმა პირველი გოლი თავად შეაგდო, მეორე კი ფირმინოს გაატანინა. ის ყველგან იყო, დაცვაში, ნახევარდაცვაში, თავდასხმაში. ნამდვილ ლიდერად მოგვევლინა.

ვინმეს შესაძლოა, გადაჭარბებულად მოეჩვენოს ასეთი შეფასება. მაშინ როცა მინდორზე იყვნენ ალისონი, ვან დეიკი, ალექსანდერ-არნოლდი, ფირმინო, რომელთაც ასევე დიდი წვლილი შეიტანეს წარმატებაში. მაგრამ ჰენდერსონის გარეშე არაფერი გამოვიდოდა.

ბოლო დროს უკვე ხშირად ადარებენ ჰენდერსონს ლეგენდარულ სტივენ ჯერარდს. ცხადია, ჰენდოს სტივი ჯიმდე ჯერ ბევრი უკლია, მაგრამ ის, რომ ლივერპულს ისევ ჰყავს ლიდერი და ნამდვილი კაპიტანი, ეს ცხადია.

ჰენდომ მე-8 წუთზე გახსნა ანგარიში, ბოლოსკენ კი ფირმინომ მისი გამოზომილი პასის კვალად გაიტანა. მთელი მატჩის განმავლობაში კაპიტანი თავდაჯერებას მატებდა პარტნიორებს. განსაკუთრებით მეორე ტაიმში, როცა მასპინძლებმა იძალეს, ანგარიშიც გაათანაბრეს და რამდენიმე უმწვავესი მომენტიც შექმნეს. მგლებს სურდათ 386 დღის განმავლობაში პირველი სამი ქულა აერთვათ კლოპის ბიჭებისთვის, მაგრამ არ გამოუვიდათ.

 

ჰენდერსონის ცქერისას, ნათლად დაინახავთ, თუ როგორ ურთიერთობს პარტნიორებთან. ყოველთვის ელაპარაკება, მიუთითებს საით წავიდნენ და როგორ იმოქმედონ. ზოგჯერ ბილწსიტყვაობასაც არ ერიდება. მაგალითად, 27-ე წუთზე, გარკვევით გაისმა როგორი არცთუ ლიტერატურული სიტყვებით მოუწოდა ალექსანდერ-არნოლდს სასწაფოდ დაბრუნებულიყო უკან, როცა ლივერპულის შეტევა ჩაიშალა.

„ამ საღამოს ჰენდერსონმა არაჩვეულებრივად ითამაშა, - თქვა შემდეგ კლოპმა, - დიახ, ის ყველას უყვიროდა, მაგრამ გააჩნია, რას ყვირიხარ. სხვებისგანაც ყოველთვის იმავეს მოითხოვს, რასაც საკუთარ თავს სთხოვს, თავდადებას და ყურადღებას. ასე რომ, მისი შენიშვნები მართებული გახლდათ.“

ჰენდო ლივერპულში მისვლის შემდეგ, 2011 წლის ივნისში, ყოველდღიურად იხვეწება, ვითარდება. პროგრესი მისი ხასიათის მთავარი მახასიათებელია. ხანდახან ხუმრობით ამბობს ხოლმე: მაშინდელი ჩემი თავი რომ მახსენდება, მიკვირს როგორ ამიყვანეს გუნდშიო.

 

„წითლებმა“ წუხელ ზედიზედ მე-14 მატჩი მოიგეს. ჯამში კი მე-40 წაუგებელი შეხვედრა ითამაშეს და ჩელსის 2004-05 წლების სეზონის მაჩვენებელი გაიმეორეს. ახლა ისინი უშუალო მდევარ მანჩესტერ სიტის 16 ქულით უსწრებენ და თუ სასწაული არ მოხდა, 30 წლიანი ლოდინის შემდეგ  პრემიერლიგის ნანატრ ტიტულს მოიგებენ. დიდი შანსია „არსენალი 2004“ გაიმეორონ, ანუ სეზონი წაუგებლად ჩაამთავრონ.

ასეთი პერსონაჟის გარეშე, მსგავს კარგ სიტუაციაში ვერ ვიქნებოდითო, - ამატებს კლოპი.