დალია? რატომ დალია?

სხვა სიტყვას არავითარ შემთხვევაში არ იტყოდნენ. მოკლა, დალეწა, გაგლიჯა… აპაპა! 

მთელი ბავშვობა მესმოდა, რომ პაიჭაძემ მაიმუნი გახია! მოფიქრება არ გინდა? ამას ჰყვებოდნენ იმ პირველი დიდი ვარსკვლავის შესახებ, რომლის თამაშის სტილსაც ქართული ფეხბურთი დაერქვა. რა თქმა უნდა, პაიჭაძე მარტო არ იყო, მხარში მთელი თანავარსკვლავედი ედგა, მაგრამ ხომ იცით როგორც ხდება: დროთა განმავლობაში გამოკვეთილი ლიდერი კრებით სახედ, კერპად იქცევა და მის შესახებ იქმნება ლეგენდა. 

გულწრფელად მწამს, რომ ფეხბურთი ლეგენდების გარეშე ის არ იქნებოდა, რაც არის. თან, ლეგენდებში მარტო დაუვიწყარ ფეხბურთელებს არ ვგულისხმობ. ლეგენდებია მათი საოცარი თავგადასავლებიც. ლეგენდებია ის დაუჯერებელი ისტორიები, რომლებიც მე თუ მკითხავთ, ამ ლამაზ სამყაროს აფერადებს. 

ბავშვობაში ჩემთვის მაიმუნის გახევის ამბავი რომ არ მოეყოლათ და მეც პატარებისთვის დამახასიათებელი გულუბრყვილობით, მთელი მონდომებით არ მეცადა ეს ზღაპარი დამეჯერებინა, ალბათ ფეხბურთი ასე არ მეყვარებოდა. თუ მეყვარებოდა და, სხვანაირად.

 

წარმოგიდგენიათ, დინამო, სავარაუდოდ ზღვისპირეთში, ვიღაცას ეთამაშებოდა, მეტოქეს კი მეკარე არ ჰყავდა და კარში მაიმუნი ჩააყენეს. მერე, პენალტი დაინიშნა, პაიჭაძეს ძლიერი დარტყმა ჰქონდა. დაარტყა. ბურთი მეკარე-მაიმუნს მოარტყა და გახია.

თან მეცოდებოდა ეს მაიმუნი, თან ვერ ვიჯერებდი რომ ასეთი რაღაც მართლა შეიძლებოდა მომხდარიყო და თანაც სიტყვა გახია მეჩოთირებოდა. გახევა ვიცოდი ქაღალდის, მაიმუნის გახევა კი ძნელად წარმომედგინა. მერე საკუთარ თავთან კომპრომისზე წავედი. ალბათ, გახვრეტას გულისხმობენ მეთქი. არადა, ყველას მაინცდამაინც ეს „გახევა“ ჰქონდა დაჩემებული. ამ ამბის მოყოლისას სხვა სიტყვას არავითარ შემთხვევაში არ იტყოდნენ. მოკლა, დალეწა, გაგლიჯა… აპაპა! გახია და მორჩა!

როგორ ჰგავს ეს ამბავი იასონ კვირკველიას ისტორიას ნანა მჭედლიძის მართლაც ლეგენდარული ფილმიდან „პირველი მერცხალი“, არა? ოღონდ, მჭედლიძესთან კარში მაიმუნი კი არა, ხვიჩა ქარცხია დგება, იასონის დარტყმულ ბურთს იჭერს და უგონოდ ვარდებდა. აბა, მართლა ხომ არ გაიხეოდა.

ლამაზი საფეხბურთო ლეგენდები უფრო იმ ეპოქას უკავშირდება, როდესაც ტექნოლოგიები ნაკლებად იყო განვითარებული და ამა თუ იმ ამბავს მობილურით ვერავინ გადაიღებდა. ასეთია, მაგალითად, ბრაზილიური ამბავი გარინჩასა და ორი ლუდხანის შესახებ. წაგიკითხავთ, ხომ? 

ქუჩაში იყო ორი ლუდხანა, ერთი ხალხით სავსე, მეორე — ცარიელი. გარინჩას გამოყრუებული ლუდხანის მეპატრონე შეეცოდა, სავსეს კარი შეაღო, ხალხს დაენახა, მერე გატრიალდა, ცარიელში შევიდა, ლუდი შეუკვეთა, ჩამოჯდა და დალია. არიქა, გარინჩაო, სავსე ლუდხანიდან ყველა ადგა და იქით გადაბარგდა, სადაც ადრე რატომღაც ცოცხალი თავით არ შედიოდა…

 

ლამაზი ისტორიაა, დიდებული. მაგრამ ესეც უფრო ლეგენდას ჰგავს. ჯერ ერთი ამ ლუდხანებს შორის კლიენტების რაოდენობაში ანგარიში 100:0 რატომ უნდა ყოფილიყო? ანდა, ვინ იცის საერთოდ რამდენ კაცზე იყო ლაპარაკი? და მესამე, დავიჯეროთ, ყველა ასე ერთხმად ადგა და იქით გადავიდა? ამ ლუდხანაში კაციშვილი არ დარჩენილა?

თან, ეს ამბავი ხომ ბრაზილიაში მოხდა, სადაც ვიღაც ალბათ გარინჩას გუნდს გულშემატკივრობდა, ვიღაც კიდევ მის მეტოქეს. ნუთუ იმ ბარში მარტო გარინჩას კლუბის ქომაგები ისხდნენ? თუ ასეა და თავად გარინჩა რას ერჩოდა ლუდხანას, სადაც მისი ქომაგები იკრიბებოდნენ? მოკლედ, ვიღაცას ვიდეო რომ გადაეღო და ფეისბუქზე დაედო კარგი იქნებოდა, მაგრამ ვინაიდან მაშინ არც სმარტფონები არსებობდა და არც ინტერნეტი, მივიღეთ ლამაზი ლეგენდა, რომელიც მოსასმენად ძალიან სასიამოვნოა, ოღონდ სინამდვილეში კაცმა არ იცის, როგორ მოხდა.

ამ რამდენიმე წლის წინ კი თვითმხილველთა მონაყოლების მიხედვით ანიმაციურად აღადგინეს პელეს მიერ 1959 წელს ატლეტიკო ჟუვენტუსის კარში გატანილი ულამაზესი გოლი, რომელიც… არავის გადაუღია; კინოფირზეც კი. უბრალოდ, ლეგენდაა და ახსოვთ. უყურებ 61 წლის წინ გატანილ ამ სავარაუდო გოლს და ვერ ძღები. შედევრია. მაგრამ იყო კი ზუსტად ასე? სწორედ შემოინახა ადამიანთა გონებამ 61 წლის წინანდელი ეპიზოდი, რომელიც მხოლოდ რამდენიმე წამს გაგრძელდა? მეხსიერება ხომ სუბიექტურია. რაღაცებს ამატებს, რაღაცებს აკლებს….

 

ის კი არა, ოცი ტელეკამერისა და ვიდეორეფერის ეპოქაში ვერ ვარკვევთ უნდა დაენიშნა თუ არა მსაჯს პენალტი. ვუყურებთ ერთსა და იმავე კადრს და ბარსელონას გულშემატკივრები ვამტკიცებთ, რომ სერხიო რამოსმა ბურთს ხელი შეახო, რეალის გულშემატკივრები კი ვბრაზდებით, ეს ხელი კი არა ქუსლი იყოო.

ჰოდა, თუკი ოცდამეერთე საუკუნეში რამოსის ამბავი ვერ გაგვირკვევია, მეოცე საუკუნის დასაწყისში გახევდა პაიჭაძე მაიმუნს, აბა რას უზამდა?