გენიოსი

კლოპმა ფირმინო ცაში აიყვანა

ლივერპულის მწვრთნელმა იურგენ კლოპმა ვულვზთან გატანილი სამქულიანი გოლისთვის რობერტო ფირმინოს გენიოსი უწოდა და იქვე ტრავმირებულ სადიო მანეზე თქვა, ვინც გართულებების ასარიდებლად დაშავებისთანავე შეცვალა. აი, რა თქვა კლოპმა:

„მაგარი თამაში იყო. ნუნუ ესპირიტო  ვულვზში დიდებულად მუშაობს. ეს გუნდი სხვებისგან განსხვავდება, რადგან მოედნის მთელ სიგანეს იყენებს. ჩვენ წარმოუდგენელი მომენტები გვქონდა. ოთხჯერ თუ ხუთჯერ მეკარესთან პირისპირ ვიყავით და რომ გაგვეტანა, 1:1-ზე აღარ ვიწვალებდით, მაგრამ პანიკაში არ ჩავვარდნილვართ. ეს მომენტები ვერ გამოვიყენეთ? სამაგიეროდ, ბობი ფინმინომ მოგვაგებინა გენიალურად. სხვა საქმეა, რომ გვერჩივნა 1:0-ის შემდეგ უპირატესობა კვლავ ჩვენი ყოფილიყო. შეხვედრის სცენარმა ყველა ფეხბურთელზე იმოქმედა. ზოგი შანსს და სივრცეს ამჩნევდა, ზოგი კი ვეღარ აზროვნებდა ასე. ჯერ კიდევ ბევრი რამ უნდა დავხვეწოთ, თუმცა დაცვაში ნამდვილად კარგად ვთამაშობთ. ყველამ მაქსიმუმი გაიღო. ჩემი ბიჭებით ვამაყობ. რაც შეეხება სადიო მანეს, ძალიან სამწუხაროა მისი შეცვლა ნაადრევად რომ მოგვიხდა. იმედი მაქვს, რომ ტრავმა მძიმე არ არის. უფრო ნათლად ყველაფერი ხვალ, გამოჩნდება”.

ლივერპულმა ვულვზი სტუმრად 2:1 დაამარცხა და ჩემპიონის ნანატრ ტიტულს კიდევ სამი ქულით მიუახლოვდა.