ფრენკი: ვალვერდესთან წარმატებულები ვიყავით

ჰოლანდიელმა ბარსას ყოფილ და ამჟამინდელ მთავარ მწვრთნელებზე ისაუბრა

ბარსელონას ახალგაზრდა ნახევარმცველმა, ფრენკი დე იონგმა, ახლად დანიშნულ მთავარ მწვრთნელზე, კიკე სეტიენზე ისაუბრა.

 

„როგორც წესი, გუნდში მწვრთნელის ცვლილება კარგის ნიშანი არ არის. უკეთესად თამაში ნამდვილად შეგვეძლო, თუმცა ვერც იმას ვიტყვით, რომ კატასტროფულად ცუდი ვიყავით. ნუ დაგვავიწყდება - ამჟამად ბარსელონა ესპანეთის ჩემპიონატის ლიდერია.

 

მართალია, ივისასთან ის ფეხბურთი ვერ ვაჩვენეთ, რომელიც გვსურდა, თუმცა ესპანეთის თასის შემდეგ ეტაპზე მაინც გავედით. ვალვერდეს ხელში გუნდი წარმატებული იყო. ვიმედოვნებ, რომ სეტიენის დროს ეს არ შეიცვლება“, - თქვა დე იონგმა.

 

ესპანეთს ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში კატალონიელები ლიდერობას ინარჩუნებენ. მათ და მადრიდის რეალს თანაბარი რაოდენობის ქულებით აქვთ, თუმცა გოლების უკეთესი ბალანსის გამო პირველ პოზიციაზე სწორედ სეტიენის გუნდი იმყოფება.