ჰოლივუდი, ლეიკერსი, ტრანსფორმერები

NBA All Star Game ლოს ანჯელესის სამი სუპერგმირით გაიხსნება. დასავლეთის კონფერენციაში გულშემატკივრებმა ლეიკერსის და კლიპერსის სამი წარმომადგენელი აირჩიეს.

ლოს ანჯელესი ჯეკ ნიკოლსონია. ლოს ანჯელესი ჰოლივუდია. ლოს ანჯელესი მეჯიქ ჯონსონის ჯადოსნური ღიმილია. ლოს ანჯელესი უკვე ლებრონ ჯეიმსის შარმი, კავაი ლეონარდის ხაფანგი და ენტონი დევისის წარბია.

აღმოსავლეთიც საინტერესო იქნება.

კაპიტანი - ლიგის მოქმედი MVP, ბერძენი იანის ანტეტოკუმპო. ახალგაზრდა ღმერთი, რომელიც წელს უკვე უკეთესია, ვიდრე - შარშან და შარშან იანისი საუკეთესოდ დაასახელეს.

მისი აკომპანიატორები იქნებიან: ტორონტოს ფორვარდი პასკალ სიაკამი და ატლანტას ახალგაზრდა კაცი ტრე იანგი. ორივე დებიუტანტია. ორივემ მოუმატა. ორივე კლავს. სიაკამი - 23.5 ქულა, 7.7 მოხსნა. იანგი - 29.2 ქულა და თითქმის ცხრა შედეგიანი გადაცემა.

ბოსტონიდან პირველ ხუთეულში კემბა უოკერი დგას. დრიბლინგის, მოტეხვების და არანორმირებული გრაფიკის მოყვარული ცელქი პერსონაჟი. უოკერმა ეს დაიმსახურა. უფრო - ბოსტონმა. კემბა მეოთხედ აირჩიეს.

არ გამოდიოდა ფილადელფიას ბეჰემოტის, ამხანაგი ჯოელ ემბიდის გარეშე. დიდი ბიჭი ტრავმების გამო ისვენებს. დიდი ბიჭი შარშან უკეთესი იყო. და, ემბიდის გარეშე ფილადელფია ფლეი ოფში ვერ შევა. ჯოელი - მესამედ.

დასავლეთის კაპიტანია მისტერ ჯეიმსი. ზედიზედ მეორედ.

ლებრონი მე-16 All Star-ს დაიწყებს. ყველა დროის რეკორდი. ჯეიმსი საშუალოდ 25.1 ქულაზე და თითქმის 11 პასზე ზის. ჯანმრთელი დიეტა. იქვე დგას დევისი.

დაიმსახურა ნდობა კავაიმ. კავაი ყველაფერს იმსახურებს. ლეონარდის მეოთხე არჩევა და იქვე პატრულირებს ნაკურთხი წვერის მქონე ჯეიმს ჰარდენი. მერვედ.

დალასმა აუშვა ლუკა დონჩიჩი და ბავშვი, რომელიც ლიგას სათამაშოსავით ეპყრობა, აქ დიდი ხნით დარჩება. საუკეთესო ახალბედა შარშან, დონჩიჩი ამ სეზონში ერთ-ერთი საუკეთესოა. ლიგაში. 29.1 ქულა, 9.7 მოხსნა და 9.0 პასი. თავი დავხარეთ. უკვე. 2005 წლის შემდეგ, ლუკა ამ თამაშის ყველაზე ახალგაზრდა სტარტერი იქნება.

2005? ლებრონ ჯეიმსი.

30 იანვარს სათადარიგოებს დაასახელებენ.