რუსი ვერ გადაახურდავეს

ნახევარფინალში გასვლის შემთხვევაში, რაფაელი დარჩება პირველ ადგილზე. 

რაფაელ ნადალი ავსტრალიის ღია პირველობის მეორე კვირის სტუმარია. 48 მეორე კვირა კარიერაში. მესამე შედეგი როჯერ ფედერერის (68) და ნოვაკ ჯოკოვიჩის (50) შემდეგ.

რაფაელმა დაშალა პაბლო კარენო ბუსტა 6:1, 6:2, 6:4.

დაშალა აგრესიით, გაუმჯობესებული ჩაწოდებით და დაუნდობელი ხასიათით. ნადალი კიდევ რამდენიმე სეტს ითამაშებდა და ყველას მოიგებდა. კარენო ბუსტასთან ლეგენდამ სერიული მკვლელის დონე ჩართო.

და, თუ ნიკ კირიოსი აურბენს კარენ ხაჩანოვს, ავსტრალია მიიღებს ოცნების გარჩევას - ნიკი და რაფაელი. თუ, ხაჩანოვი არ იქნება წინააღმდეგი. მაინც, რუსის აზრი გასათვალისწინებელია.

ნადალი ავსტრალიაში 11 წლის წინ გახდა ჩემპიონი. ნადალი კარგ ფორმაშია. და, რაფაელმა ზედიზედ მეხუთედ მოუგო კარენო ბუსტას. წაუგებელი სერია ესპანელებთან 18 მატჩამდე გაგრძელდა.

რაფაელს 1 000 მოგებამდე 16 აკლია. და, თუ ესპანელი ავსტრალიას მოიგებს, ის გახდება მესამე მხატვარი ღია ერაში, რომელსაც ყველა მეიჯორი სულ მცირე, ორჯერ ექნება მოგებული. მანამდე, იგივე შექმნეს როდ ლეივერმა და როი ემერსონმა.  

და, ნახევარფინალში გასვლის შემთხვევაში, რაფაელი დარჩება პირველ ადგილზე.

კიდევ ერთი რუსი, ანდრეი რუბლიოვი კარიერის პიკზეა. ჯერ, პიკზეა და შეიძლება, მოუმატოს.

2:6, 7:6, 6:4, 7:6 ჯიუტ და სწრაფ დავიდ გოფენთან. ბელგიელმა ეიტიპის თასზე რაფაელს კარე გაუშალა და აქ, რუსთან ვერ გაძლო, დაიშალა. რუბლიოვმა ამ სეზონში ზედიზედ მე-11 თამაში აიღო. ძალიან მაგარი სტარტი.

რუსი აგებს პირველ სეტს და აგებს 1:3 მეორეში. და, რუბლიოვი დაბრუნდა. გოფენმა ვერ გაძლო ამ ნეანდერტალურ ზიზღთან და ბელგიელი დაისვენებს.

რუბლიოვი ზვერევ-ვერდასკოს შორის უკეთესს დაელაპარაკება.

თუ რუსზე საშა გავა, ალბათ, ტურნირის ერთ-ერთი საუკეთესო თამაში გვექნება. ველოდებით.