ლევან ფაცაციამ კალათბურთი იცის

როდესაც ფაცომ კარიერა დაასრულა, ის მთავარ მწვრთნელად ორბმა წაიყვანა. 

რამდენიმე კარგი ქართველი მწვრთნელისგან მსმენია, ეგ იგროკი არაა, მაგან ყომარი არ იცისო. ყომარი და კონსპექტებით თამაში ერთი და იგივე ვერ არის. მაგარი მოთამაშე ყომარით უნდა თამაშობდეს. თან რომ სიამოვნებას იღებდეს, და, თან - რომ სხვაც კაიფობდეს.

საქართველოში ეს ორი მეგობარი ერთ ბილიკზე იშვიათად გვხვდება. ძირითადად, ვინც თამაშობს, მათ ვხედავთ და ვინც ყომარობს, რატომღაც, გვერდს გვივლის.

ლევან ფაცაცია იშვიათი გამონაკლისი იყო.

არასოდეს ყოფილა ყველაზე სტაბილური მსროლელი. სროლა უყვარდა, მაგრამ სხვები უფრო კარგი პროცენტით ისროდნენ.

არასოდეს ყოფილა ყველაზე სწრაფი და აკურატული დამცველი. სხვები ნაკლებ ფოლს იღებდნენ და უფრო არტისტულად აკეთებდნენ დაფარებას.

არასოდეს ყოფილა თავისი (რომელიმე) გუნდის ულაპარაკო ლიდერი. ყველგან, ერთ-ერთი, მაგრამ არსად - ერთადერთი.

და, როდესაც გუნდს პრობლემები ექმნებოდა და გუნდს კალათბურთი უნდა ეთამაშა, ფაცაციას ეძახდნენ.

თბილისის დინამოში ის გუნდის ხერხემალი იყო. პროცესი თავიდანვე საინტერესოდ წაიყვანა ირაკლი ხოშტარიამ და შემდეგი ყველაზე მნიშვნელოვანი პერსონაჟები იყვნენ დეონტა ვონი და ფაცო. და, იმ დინამოში ბევრი კარგი ქართველი და არაქართველი იდგა.

ქუთაისში ფაცაცია მოთამაშე მწვრთნელი იყო.

დელტაში ბიჭმა შეცვალა მთელი გუნდი. როდესაც დელტა სუპერლიგაში დებიუტის დროს, ბევრს და სტაბილურად აგებდა, ფაცაციამ გუნდი დაალაგა, დაამშვიდა. მახსოვს რუსთავში მტკივნეული ჩეხვა, როდესაც დელტამ ბოლო 2 წუთში 10 ქულა ვერ შეინარჩუნა და დამატებით დროში წააგო. გასახდელში ყველა უთქმელად განიცდის და მხოლოდ ფაცაციამ თქვა, კარგით, რა მოხდა მერე, ერთი თამაში წავაგეთ. შემდეგს მოვიგებთ. და მეტი არაფერი. ლიდერის სიტყვები.

დღეს, როდესაც ფაცომ კარიერა დაასრულა, ის მთავარ მწვრთნელად ორბმა წაიყვანა. ვერ გეტყვით, რა გამოვა ამ კოლაბორაციისგან, მაგრამ ორბმა განსაკუთრებული ინტელექტის მქონე ადამიანი დაიმატა.

რომელიც კალათბურთს ყომარობდა. და, რომელმაც კალათბურთი კარგად იცის. წარმატებები!