მეფე ლებრონია და კობი ბრაიანტი - წარსული

ლებრონი გახდება NBA-ს ისტორიაში პირველი, რომელიც კარიერას მინიმუმ, 30 000 ქულით, 10 000 მოხსნით და 10 000 პასით დაამთავრებს. 

ლებრონი გახდება NBA-ს ისტორიაში პირველი, რომელიც კარიერას მინიმუმ, 30 000 ქულით, 10 000 მოხსნით და 10 000 პასით დაამთავრებ 

ლებრონ ჯეიმსმა და ლეიკერსმა ფილადელფიაში წააგეს. 91:108. ლეიკერსი დალეწეს.

და, ლებრონისთვის ეს ისტორიული, განსაკუთრებული თამაში იყო.

ამერიკამ თავი დაუხარა მეფეს, რომელიც ამ თამაშამდე კობი ბრაიანტზე 18 ქულით ნაკლები იყო. ამ თამაშის შემდეგ, ლებრონი კობიზე მეტია.

ლებრონი სტატისტიკის გარეშეც კობიზე მეტია.

ბრაიანტმა 33 643 ქულა 1 346 თამაშში, 48 637 წუთში, 26 200 სროლაში დააგროვა. სოლიდური კოლექცია.

ლებრონმა ეს მაჩვენებელი მესამე მეოთხედში ჩვეულებრივი შესვლით დასვა. და, ჯეიმსმა ეს კოლექცია 105 ნაკლები თამაშით, თითქმის 1 000 ნაკლებ წუთში შეაგროვა. ლებრონი კობიზე უკეთესი კოლექციონერია.

ფილადელფიამ პატივი სცა ლებრონს და როდესაც ჯეიმსმა კობის შედეგი დაამტვრია, თამაში გაჩერდა და ტაბლოზე ჯეიმსის ჰაილაითები გაუშვეს. კლივლენდის და მაიამის ფორმაში. ლებრონმა ეს დააფასა.

პროცესში, ბენ სიმონსმა 28 ქულა და 10 პასი, ტობაიას ჰარისმა 29 ქულა და 8 მოხსნა აიღეს. ფილადელფია უფრო სწრაფი, მოტივირებული იყო. ლეიკერსი ლებრონისთვის თამაშობდა. ფილადელფია - სეზონისთვის. და ლებრონის მოწინააღმდეგეს ამჯერადაც დააკლდა ტრავირებული ჯოელ ემბიდი. და, ფილადელფიამ მაინც გაქაჩა.

დღის თემა - კობი ლებრონის შემდეგ მოდის.

ლებრონს კარიერით თამაშიდან 50 პროცენტი აქვს გამოყენებული. სამიანები - 34. საჯარიმოები - 74. ბრაიანტი - 45, 33, 82. ლებრონს შეუძლია შემდეგი 3 000 სროლის გაფუჭება და კარიერას მაინც კობიზე უკეთესი პროცენტით დახურავს.

მოხსნებში ლებრონი ბევრად წინ არის.

პასებშიც. ჩაჭრებშიც. დაფარებებშიც. რეგულარულშიც. ფლეი ოფშიც. კალათბურთშიც.

უბრალოდ, კობიმ კარიერა ხუთი მოგებული ფინალით დახურა და ჯეიმსი ჯერ სამზე ზის. ლებრონი ამ თემას წელსვე მიხედავს. ლებრონი მოტივირებულია. ლებრონმა ორი ფინალიც უნდა მოიგოს. კობი ამას კარიერაში საუკეთესო შაკით აკეთებდა. ჯეიმსის საუკეთესო პარტნიორი უკვე დამტვრეული დუეინ უეიდი გახდა.

თუ შემდეგ 4 სეზონში ლებრონი საშუალოდ 60 თამაშს და 20 ქულას დააგროვებს, ის ყველა დროის საუკეთესო მექულე გახდება. და, მეფე დამარხავს კარლ მელოუნის  და ქარიმ აბდულ-ჯაბარის შედეგებს. ჯაბარი 38 387 ქულით საუკეთესოა.

ჯეიმსი ამ შედეგს მიხედავს.

და, ლებრონი გახდება NBA-ს ისტორიაში პირველი, რომელიც კარიერას მინიმუმ, 30 000 ქულით, 10 000 მოხსნით და 10 000 პასით დაამთავრებს. დღეს, ჯეიმსი 9 211 მოხსნაზე და 9 126 პასზე ზის.

მეფე ოთხ სეზონში კიდევ ერთხელ შეავლებს მზერას საკუთარ სამყაროს და ყველა მთავარი რეკორდის მფლობელი იქნება.

თავი დაუხარეთ. ეს ლებრონია!