ეპოქის დასასრული - კრიზისის დასაწყისი...

კონკიას ისტორია ყველას გვიყვარს, თუმცა ეს კრიზისზე მიგვანიშნებს...

ბოლო წლებია, სუმო ბევრ მოულოდნელობას გვთავაზობს, განსაკუთრებით კი - ჰაცუ (იანვრის) ბაშო. ჯერ, ჩვენდა გასახარად, 2018 წლის იანვარში, ტოჩინოშინმა იმპერატორის თასი მოიგო. მაშინ ეს დიდი მოულოდნელობა იყო, რადგან XXI საუკუნეში ლევანიმდე იუშო (იმპ. თასი) მოპოვებული მხოლოდ ორ მაეგაშირას ჰქონდა.

 

2019 წლის იანვრის ბაშო დასავლეთის სეკივაკე ტამავაშიმ 13:2 ბალანსით მოიგო, რაც კიდევ ერთი მოულოდნელობა გამოდგა. რა თქმა უნდა, ტოჩინოშინისგან და ტამავშისგან ასეთ დიდ მიღწევას არავინ ელოდა, თუმცა ქართველი ყოფილი სეკივაკე იყო, ტამავაში კი მოქმედი და ამის წარმოდგენას თამამი, თუმცა არც უტოპიური ფანტაზია სჭირდებოდა. 2020 წლის იანვრის ბაშოზე განსაკუთრებული შემთხვევა დაფიქსირდა - ჩემპიონი 33 წლის ვეტერანი, მე-17 მაეგაშირა, ტოკუშორიუ გახდა. ის არც წარსულში გახლდათ  დიდად წარმატებული, სანიაკუში (სუმოში ოთხი უმაღლესი საფეხურის პირობითი გაერთიანება: კომუსუბი, სეკივაკე, ოძეკი და იოკოძუნა) არასდროს ყოფილა და მისი მაქსიმალური შედეგი 2015 წელს მე-4 მაეგაშირას რანგი იყო. ამავე წელს, მან მაკუუჩი (უმაღლესი) დივზიონში ჯუნ-იუშოც (ტურნირზე მეორე ადგილზე გასვლა) მოახერხა.

 

საინტერესოა, რომ მე-17 მაეგაშირამ იმპერატორის თასი აქამდე მხოლოდ 1-ხელ, 1939 წლის იანვარის ბაშოზე მოიგო, თუმცა, მაშინ მაკუუჩიში 18 მაეგაშირა ასპარეზობდა და შერკინებები 13 დღის განმავლობაში იმართებოდა. დევამინატო რიკიჩიმ მაშინ ძენშო-იუშო (დაუმარცხებელი გამარჯვება) გაიფორმა...

 

ტოკუშორიუს საჩემპიონო ორთაბრძოლა ტაკაკეიშოსთან

 

 

 

ბოლო 2 წელიწადში იმპერატორის თასი ორჯერ მიტაკეუმიმ მოიპოვა (2018 წლის ნაგოია (ივლისის) და 2019 წლის აკი (სექტემბრის)), რომლის მაქსიმალური წოდება სეკივაკე იყო, თითო-თითოჯერ პირველობა ასანოიამამ და ტაკაკეიშომ იზეიმეს. ტაკაკეიშო ამ დროს ჯერ კიდევ კომუსუბი იყო.

 

 

შედარებისთვის, 2016-2017 წლებში იმპერატორის თასი 12 შემთხვევიდან 10-ჯერ იოკოძუნებმა მოიგეს, ორჯერ კი ოძეკებმა. ერთი იუშო ოძეკი კისენოსატოს ანგარიშზეა, რომელიც იმ დროს ცუნატორი (იოკოძუნობის პრეტენდენტი) იყო და შემდეგ ბაშოზე უკვე იოკოძუნად მოგვევლინა (იოკოძუნას რანგში, მან კიდევ ერთი იმპერატორის თასი მოიგო). მეორე ოძეკი, ვინც ამ პერიოდში პირველობა მოახერეხა, კოტოშოგიკუა, რომელმაც მონღოლების დომინაციისა და  10 წლიანი პაუზის შემდეგ, იაპონელებს იმპერატორის თასი დაუბრუნა.

 

2016-2018 წლის იმპერატორის თასის მფლობელი იოკოძუნების სია ასეთია

 

იოკოძუნა ჰაკუჰო - იმპერატორის 5 თასი

იოკოძუნა ჰარუმაფუჯი - იმპერატორის 3 თასი

იოკოძუნა კაკურიუ - იმეპრატორის 1 თასი

 

 

რას შეგვიძლია დღევანდელი მდგომარეობა მივაწეროთ? 

 

 

კრიზისი

 

რა თქმა უნდა, კონკიას ისტორია მომნუსხველი და საინტერესოა, თუმცა ეს, პირველ ყოვლისა, კრიზისზე მიგვანიშნებს. როდესაც იოკოძუნებისა და ოძეკების საუკეთესო ფორმა წარსულშია დატოვებული, ახალი თაობა სწორედ მაშინ იმძლავრებს ხოლმე.

 

გადავხედოთ იოკოძუნებისა და (ექს)ოძეკების ასაკს

 

ჰაკუჰო - 34 წლის

კაკურიუ - 34 წლის

გოეიდო - 33 წლის

კოტოშოგიკუ - 34 წლის

ტოჩინოშინი - 32 წლის

ტაკაიასუ - 29 წლის

ტაკეკიშო - 23 წლის

 

გასაგებია, რომ ოძეკი ტაკაკეიშო ახალგაზრდაა და მომავალ თაობას მიეკუთვნება. ოძეკი ტაკაიასუს ხელი ტრავმებმა შეუშალა, სერიოზული დაზიანების შემთხვევაში, ოძეკის ხომ მხოლოდ 1 ბაშოს გამოტოვების უფლება აქვს.

 

სხვებს ვხედავთ, რომ უკვე ასაკში არიან. ჰაკუჰო ისეთი სტაბილური ვეღარ არის, როგორც 2018 წლამდე იყო, ბოლო ორ წელიწადში მან „მხოლოდ“ 3 იმპერატორის თასი მოიგო, როცა მანამდე პირველი 40-ჯერ გახდა.

 

 

როგორც ნებისმიერ სპორტში, სუმოშიც ასეა, ასაკში შესულ რიკიშის ტრავმების მოშუშებისთვისა და ძალების აღდგენისთვის მეტი დრო სჭირდება.

 

ახალგაზრდებიდან შედარებით სტაბილურობას ორმა რიკიშიმ მიაღწია - ტაკაკეიშომ, რომელმაც ბოლო 11 ბაშოზე დადებითი ბალანსი 9-ჯერ დააფიქსირა, ორჯერ კი ამაში ხელი ტრავმებმა შეუშალა და ასანოიამამ - ბოლო 5-დან 4 კაჩი-კოში (დადებითი ბალანსი) დააფიქსირა და თითოეულში მინიმუმ 10 ორთაბრძოლა მოიგო...

 

დომინაციის დასამყარებლად ეს საკმარისი არ არის.

 

იოკოძუნებს არ ჰყავთ ღირსეული შემცვლელნი?

 

ამაზე საუბარი ჯერ ადრეა, ადვილად მოსალოდნელია ახალგაზრდა რიკიშებმა მოუმატონ და დიდი ჩემპიონის შესაფერისი სუმო აჩვენონ, მაგრამ დღეს მათ იოკოძუნას სტაბილურობა აკლიათ.

 

ტოჩინოშინის საჩემპიონო ორთაბრძოლა შოჰოძანთან

 

 

 

მაგალითად, სანამ კისენოსატო იოკოძუნა გახდებოდა, მანამდე მეორე ადგილზე 12-ჯერ(!!!) გავიდა და ერთი იმპერატორის თასიც მოიპოვა. მისთვის ადვილად არაფერი მოსულა, იუშოსკენ მიმავალ გზაზე ჰაკუჰო, ჰარუმაფუჯი და კაკურიუ ეღობებოდნენ. ის ძალიან კარგი ოძეკი იყო და ტრავმებმა ასევე კარგ იოკოძუნად დარჩენა აღარ აცადა. სავარაუდოდ, დღევანდელ კონკურენციაში კისენოსატო დომინაციას დაამყარებდა.

 

ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რამაც სუმოს საერთო დონე შედარებით დასწია, ის კანონია, რომლის მიხედვითაც ჰეიას (კლუბს) მხოლოდ 1 უცხოელის მიღების უფლება აქვს. ეს კანონი რომ ჰაკუჰოს იაპონიაში ჩასვლის დროს ყოფილიყო, მონღოლი დიდი ჩემპიონი არ გვეყოლებოდა - ის ჰეიაში ახლობლობით მიიღეს...

 

ამ კანონმა იაპონელებს გზა გაუხსნა, თუმცა იმის ხარჯზე, რომ არ ვიცით რამდენი ჰაკუჰო, ასაშორიუ, ჰარუმაფუჯი, კაკურიუ თუ ტერუნოფუჯი დავკარგეთ და კიდევ დავკარგავთ.

 

კიდევ ერთი მიზეზი, ექს-ოძეკი ტერუნოფუჯია, მონღოლი რიკიში, რომელიც ტრავმამ სუმოს ფსკერისკენ წაიყვანა. 2020 წლის იანვრის ბაშოზე ჯურიოში (რანგით მეორე დივიზიონი) მან დიდებული სუმო გვაჩვენა, 13:2-ზე ბალანსით მოიგო და დაგვანახა, რომ დაბრუნების შემდეგ დიდ ტურნირს, ასე თუ ისე, სტაბილურობას დაუბრუნებს.

 

დიდმა იოკოძუნამ, მუსაშიმარუმ (ამერიკელი სუმოტორი) თქვა, ჰაკუჰო ჩვენ დროს რომ ყოფილიყო, ყველაზე უკეთეს შემთხვევაში ოძეკი გახდებოდაო. მაშინ სუმოში ჰავაელი გოლიათები - მუსაშიმარუ და აკებონო ასპარეზობდნენ და დოჰიოზე კიდევ ერთი დიდი იოკოძუნა - ტაკანოჰანა (22 იმპერატორის თასი) იდგა.

 

საინტერესოა, ჰაკუჰოზე ამის მთქმელი მუსაშიმარუ 2020 წლის ჰაცუ (იანვრის) ბაშოზე რას ფიქრობს...