ქართველთა სამი გუნდი სათავეშია

პლეიოფისთვის ჯამში ჩვენებურთა შვიდი გუნდი იბრძვის

საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, პირველ დივიზიონში მე-14 ტურის შეხვედრები გაიმართა, რომლის შემდეგაც სატურნირო ცხრილში ლიდერი შეიცვალა. პირველი სამი საფეხური კი, ქართველ მორაგბეთა გუნდებს უკავიათ: ესენია: ლიონი, ბორდო და რასინგი.

 

ბადრი ალხაზაშვილის ლიონმა შინ მიიღო მამუკა გორგოძისა და ბექა გიგაშვილის ტულონი. ლიონელებმა, მიუხედავად იმისა, რომ პირველი ტაიმი 10:12 წააგეს, შესვენების შემდეგ მეტოქე პირწმინდად დაჩაგრეს და 27:12 დაამარცხეს. გიგაშვილი თამაშში 53-ე წუთიდან ჩაერთო, ალხაზაშვილი მოედანზე 69-ე წუთიდან გამოჩნდა, გორგოძე ტრავმირებულია.

 

შედეგად ლიონმა სატურნირო ცხრილში ბექა გორგაძის, ლექსო ყაულაშვილისა და ლაშა ტაბიძის ბორდოს გაუსწრო და პირველ საფეხურზე დამკვიდრდა. ბორდომ თავის მხრივ სტუმრად დათმო შეხვედრა საფრანგეთის ჩემპიონ ტულუზთან - 14:22. ქართველებიდან მხოლოდ ყაულაშვილმა ითამაშა, რომელიც მოედანზე 56-ე წუთიდან გამოჩნდა.

 

ვასილ კაკოვინისა და გურამ გოგიჩაშვილის რასინგმა სტუმრად შეძლო კრიზისში მყოფი კასტრის მშრალი ანგარიშით დამარცხება - 0:27. გოგიჩაშვილი სათადარიგოთა შორის იყო და თამაშში 52-ე წუთიდან ჩაერთო.

 

პლეი ოფში მოხვედრისთვის ბრძოლას განაგრძობენ ბრივი, მონპელიე და კლერმონი. კარლენ ასიეშვილის, ვასილ ლობჟანიძის, ვანო კარკაძის, ოთარ გიორგძის, სოსო ბეკოშვილისა და თედო აბჟანდაძის ბრივმა შინ დაამარცხა პო - 33:26. ასიეშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 53-ე წუთზე შეცვალეს, ლობჟანიძე მოედანზე 10 წუთის შემდეგ გამოჩნდა.

 

მიხეილ ნარიაშვილის, ლევან ჩილაჩავს, კონსტანტინე მიქაუტაძის, გელა აფრასიძის, უშანგი ჭეიშვილისა და ალექსი ჭიჭიაშვილის მონპელიემ სტუმრად წააგო ლა როშელთან - 30:35. ნარიაშვილი ჭეიშვილმა 49-ე წუთზე შეცვალა, ჩილაჩავს ნაცვლად კი, ჭიჭიაშვილი თამაშის დასრულებამდე სამი წუთით ადრე გამოვიდა მოედანზე, მიქაუტაძემ სრულად ითამაშა.

 

დვით ზირაქაშვილისა და ბექა კაკაბაძის კლერმონმა შინ დაამარცხა გიორგი მელიქიძის სტად ფრანსე - 29:19. კლერმონელი ქართველები ტრავმირებულნი არიან, მელიქიძე თამაშში 72-ე წუთიდან ჩაერთო.