კობი, მადლობა

იმ ვერტმფრენმა ეს გულები ჩაწყვიტა. 

კალათბურთმა ერთ-ერთი ტიტანი დაკარგა. ის, ვინც კალათბურთის ნაოჭებს მოგონებებით ავსებდა.

ღმერთმა ისე ინება, რომ ეს უკვდავიც წაიყვანა.

კობი ბრაიანტი წავიდა.

სიმართლე, რომელიც ამის დაწერის დროსაც კი მინდა, რომ არ იყოს მომხდარი.

უკვდავი მოკვდავების სამყაროში და ყველაზე ელეგანტური. ყველაზე ცივი. და, თუ თქვენ ლეიკერსის გულშემატკივარი იყავით, ყველაზე საყვარელი.

ისე მოხდა, რომ ჩემი სან ანტონიო კობის ლეიკერსთან ხშირად აგებდა. ბევრსაც იგებდა, მაგრამ კობი გვკლავდა და როდესაც თამაში მთავრდებოდა, გრეგ პოპოვიჩი მხოლოდ დიადზე, ბრაიანტზე საუბრობდა.

გრეგი მას დიდ პატივს სცემდა. ისევე, როგორც კობი - გრეგს.

როდესაც კობიმ ტორონტოსთან 81 ქულა დააგროვა, ლიგას შეეშინდა, რომ უილტ ჩემბერლენის ურყევი რეკორდი, ერთ მატჩში 100 ქულაც ჩამოიშლებოდა. იმდენად ახლოს იყო კობი ყველა ლეგენდასთან.

და, როდესაც რამდენიმე წლის წინ კობიმ კალათბურთიდან წასვლა თქვა, ყველა დარბაზში მას თავდახრილები და ცრემლიანი თვალებით ელოდებოდნენ. ისინი აფასებდნენ იმას, ვინც მათ კლავდა.

ხუთგზის ჩემპიონი. ოლიმპიური ჩემპიონი. კალათბურთის მეგობარი, რომელიც დარბაზში დამლაგებელზე ადრე მიდიოდა და ყველაზე ბოლო ბრუნდებოდა სახლში.

რომ კიდევ ერთხელ ჩაეკრა გულში ოჯახი და დაღლილი სხეული დაესვენებინა. გამთენიისას უკვე ახალი დღე და ახალი ვარჯიში, ახალი თამაში იწყებოდა.

ლეიკერსის რეკორდსმენი ქულებში. ლეიკერსის რეკორდსმენი თამაშების რაოდენობით. ლეიკერსის ისტორიაში ყველაზე დიდი გმირი მეჯიქ ჯონსონთან ერთად.

კობიმ იცეკვა. და ეს ცეკვა NBA-ს ღიმილი გახდა. ერთი შტატიდან მეორემდე. ერთი ქალაქიდან მეორემდე. ერთი გულიდან მეორემდე.

და, იმ ვერტმფრენმა ეს გულები ჩაწყვიტა.

კობი იყო კალათბურთის ელჩი და როდესაც ხვალ დილით გავიღვიძებთ, საყვარელ ხალხს ჩავეხუტებით, ალბათ, კიდევ ერთხელ გადავამოწმებთ მიმდინარე სიახლეებს. იმ იმედით, რომ ეს არ არის სიმართლე.

და, როდესაც სიმძიმე ერთხელაც დაგვფარავს, თვალებს დავხუჭავთ და წასულს მხოლოდ ამ ორი სიტყვით მოვიგონებთ,

მადლობა, კობი!