სერი კვლავ საქმეშია

როგორც ჩანს, ედ ვუდვორდს სურს გუნდში ის ძველი სახეები დააბრუნოს, რომლებიც მანჩესტერის სახელოვან ისტორიას ქმნიდნენ, ეს კი ალექს ფერგიუსონის გარეშე წარმოუდგენელია

მან, ოლდ ტრაფორდზე 27 წელი იმუშავა და ეპოქა შექმნა. სერ ალექს ფერგიუსონის მანჩესტერ იუნაიტედი სხვანაირად დაფრინავდა. მისი მანჩესტერი საფეხბურთო გემოვნებას აყალიბებდა. მსოფლიოში, მილიონობით ადამიანი მანჩესტერ იუნაიტედის გულშემატკივარი სწორედ ფერგის ხანის დროს გახდა. 

 

და რა ხდება ახლა ოცნებების თეატრში? გუნდი პრემიერლიგაში წვალობს, უსახურ ფეხბურთს თამაშობს და გულშემატკივრებიც ლამისაა დეპრესიაში ჩავარდნენ. გუნდი შოკურ თერაპიას საჭიროებდა, რაც ჟოზე მოურინიოს მწვრთნელის თანამდებობიდან გათავისუფლებაში გამოიხატა, ხოლო მის ნაცვლად სეზონის ბოლომდე ოლე გუნარ სოლსკიაერი დაინიშნა. ნორვეგიელმა სპეციალისტმაც სადებიუტო მატჩში კარდიფი 5:1 გაანადგურა.

 

თუმცა მანჩესტერის ხელმძღვანელობა ხვდება, რომ მხოლოდ სოლსკიაერი გუნდს კრიზისიდან ვერ გამოიყვანს. ჰოდა, ეშმაკთა ვიცე-თავმჯდომარე ედ ვუდვორდიც ადგა და სოლსკიაერს კონსულტანტად არც მეტი არც ნაკლები ალექს ფერგიუსონი დაუნუშნა. ლეგენდარულმა შოტლანდიელმა, რომელიც 76 წლის გახლავთ არც ისე დიდი ხნის წინ ინსულტი გადაიტანა და ის სამსახურში ყოველდღიურ რეჟიმში ვერ ივლის, მაგრამ სოლსკიაერს შეეძლება ფერგის ნებისმიერ დროს დაურეკოს და მასთან კონსულტაცია გაიაროს.

 

როგორც ჩანს, ედ ვუდვორდს სურს გუნდში ის ძველი სახეები დააბრუნოს, რომლებიც მანჩესტერის სახელოვან ისტორიას ქმნიდნენ, ეს კი ალექს ფერგიუსონის გარეშე წარმოუდგენელია.

 

მოკლედ, სერი ოცნებების თეატრში დაბრუნდა!