რაფაელ ნადალის გამოფენა

ტიმი რაფაელს მტკივნეულად დაელაპარაკება, მაგრამ ამ თამაშში ფავორიტი ესპანელია.

მელბურნში ესპანეთმა გამოფენა გახსნა. რაფაელ ნადალის გამოფენა.

როდ ლეივერის არენაზე ესპანელმა 6:3, 3:6, 7:6, 7:6 დასვა. სამი საათი. და 38 წუთი. რეიტინგის პირველი ნომერი მეხუთედ უგებს ნიკ კირიოსს. ნიკს სამი თამაში აქვს აღებული.

ესპანელი მატადორი სეზონის პირველი დიდი ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა და რაფაელი სოლირებს. რაფაელი ელეგანტურად იგებს და რაფაელი როჯერ ფედერერს უახლოვდება.

როჯერს დიდი სლემის 20 ფინალი აქვს მოგებული. რაფაელს - 19. ამ ტურნირზე ესპანელი როჯერზე დიდი მარაგით, აგრესიით თამაშობს და რაფაელი უახლოვდება იმ, ბოლო თამაშს.

მანამდე - ნიკ კირიოსი.

ავსტრალიელი პირადში, ჰარდზე წინ იყო - 2:1.

ავსტრალიელმა იომა. და, ნადალმა გაძლო.

რაფაელი მეთორმეტედ გავიდა ამ ტურნირის ¼ ფინალში. 33 წლის მხატვარი სეზონის სტარტზე ბევრ შეცდომას უშვებდა და , როგორც შარშან - რაფაელმა ყველაზე მთქმელ დროს მოუმატა.

ის აგებდა ეიტიპის თასზე ნოვაკ ჯოკოვიჩთან და რაფაელი იმ ტურნირით ავსტრალიისთვის ემზადებოდა. და, მშვენივრად მოემზადა. ნადალი კლასიკაა.

აქ ესპანელი დომინიკ ტიმს მიესალმება. და, დაიწყება ჩეხვა უკანა ხაზიდან. პირადულში - 9:4 რაფაელის სასარგებლოდ. ნადალმა ელეგანტურ ტიმს როლან გაროს ბოლო ორი ფინალი წაართვა.

ტიმი რაფაელს მტკივნეულად დაელაპარაკება, მაგრამ ამ თამაშში ფავორიტი ესპანელია.

ამ თამაშში ფავორიტი ყოველთვის ნადალია. რომელმაც მელბურნში კიდევ ერთი გამოფენა გახსნა. მოდით, და კიდევ ერთხელ დაუხარეთ თავი ბრუტალურ მატადორს.

ნადალი გენიოსია.