კობის ის ერთი თამაში

დეტროიტი ახლოს იყო სერიის მეორე მატჩის აღებასთან.

წასული ლეგენდის კარიერა კარგი და საინტერესო სახელმძღვანელო იყო. რომელიც კარგად შევისწავლე. ზოგიერთი გვერდი ორჯერ გადავიკითხე. და, იცით, გამიჭირდა რომელიმე კონკრეტული თამაშის გახსენება. კობი ყველგან სოლო იყო.

და, გადავწყვიტე, რომ კობი ბრაიანტის ჩემი პირველი რეპორტაჟი გამეხსენებინა. ტელეკომპანია იმედის ეთერში. ჯამლეტ ხუხაშვილთან ერთად.

2003/2004 წლების სეზონი. როდესაც ლეიკერსმა დაიმატა მშიერი და მოტივირებული ვეტერანები (კარლ მელოუნი, გარი პეიტონი), შეინარჩუნა შაკილ ო’ნილი (რომელიც მალე მაინც გადავა მაიამიში) და სან ანტონიოსთან ერთად, ჩემპიონობის მთავარ ფავორიტად ითვლებოდა.

საინტერესო სეზონი დასავლეთში მინესოტამ მოიგო, კევინ გარნეტი რეგულარულის ემვიპი იყო და აღმოსავლეთში სტაბილურად დაფარა დისტანცია ინდიანამ (61:21), რომელიც რეგულარულის ჩემპიონი გახდა.

ფინალამდე ლეიკერსმა მოაგვარა ორი კაცის (სტივ ფრენსისი, იაო მინი) ჰიუსტონი 4:1, მოიგო რესტლინგი სპერსთან 4:2 და გააჩერა მონდომებული მინესოტა 4:2. სხვათა შორის, კობის პირველი ეთერი ჩემი სპერსის წინააღმდეგ უნდა მქონოდა, მაგრამ მაღალი სიცხის გამო გამოვტოვე ის, დერეკ ფიშერის თამაში. როდესაც ძირითადის დახურვამდე 0.4 წამით ადრე ტიმ დანკანმა ჯერ მოიგო შეხვედრა და შემდეგ, ფიშმა მანუ ჯინობილის ხელიდან ჩააგდო. უფფ...

გამახსენდა.

კობის ჩემი პირველი თამაში კი ფინალი იყო.

ლეიკერსი დეტროიტზე გავიდა. პისტონსი, რომელმაც მოულოდნელად დაჩეხა ყველა ფლეი ოფში და მაინც, ბოლო დონეზე ლეიკერსს უნდა მოეგო.

კობისთვის ეს კარიერის გარდამტეხი სეზონია. რეგულარულში ის შაკზე შედეგიანი (24.0/21.5) გახდა და შევიდა დაცვის პირველ ხუთეულში, სადაც დეტროიტის ბენ უოლასიც აირჩიეს. კობის ჯადოსნური აწევები, პაუზები ჰაერში, ტარების დროს ზუსტი სამიანები და ელეგანტური მოტეხვები იყო ელესდეს ეფექტით. გეფერებოდა და მეორე წრეზე მიდიოდი. თითქოს, თბილ, ღუნღულა პლედს ეხუტებოდი და ხელის გაწევის გეშინოდა. კაიფი რომ არ წასულიყო.

კობი იყო ნარკოტიკი.

და, იმ სერიის მეორე მატჩში, რომელიც ლეიკერსმა დამატებით დროში მოიგო, კობიმ დახატა.

ძირითადის დასრულებამდე 35 წამით ადრე, ლოს ანჯელესში, დეტროიტი ახლოს იყო სერიის მეორე მატჩის აღებასთან. შაკმა ორი საჯარიმოდან ერთი გამოიყენა, შემდეგ ჩონსი ბილაფსმა ვერ ჩააგდო საშუალოდან და ლეიკერსს მინუს სამზე ერთი შეტევა, 10 წამი დარჩა. წუთშესვენების შემდეგ,  კობიმ მიიღო ბურთი, გააკეთა პაუზა, აიწია და სადღაც, 9 მეტრიდან გაუშვა ბურთი. ჩავარდება, გავიფიქრე და ჩავარდა.

დამატებით დროში ბრაიანტმა ორჯერ ჩააგდო, ორჯერ შაკს ჩააგდებინა და ლეიკერსმა სერიაში ანგარიში გაათანაბრა. ის ფინალი დეტროიტმა 4:1 აიღო, მაგრამ მე ვიყავი ბედნიერი, რომ გავიცანი, წავიყვანე სერიული მკვლელის პირველი თამაში, რომელსაც ვერასოდეს ვერ დავივიწყებ.

ჩემმა მეგობარმა, რომელიც ყოველთვის ყველაფერს 10-ლარიანი ფსონის გამო უყურებდა, გამთენიისას დამირეკა და ყველაზე ზუსტად შეფასა მომხდარი - რა მაგარია ეს დედამ.....ლი.

მართლაც, რა მაგარი იყო ეს...

კობის ეძღვნება.