ნორვეგიელი ცხოველი იორკშირიდან

20 კლუბს, 15 აგენტს, 10 მამას

ზალცბურგიდან დორტმუნდში 20 მილიონ ევროდ გადაბარგებული ერლინგ ჰოლანდი დღეს ევროპულ ფეხბურთში ყველაზე განხილვადი თემაა. თინეიჯერმა ნორვეგიელმა ბუნდესლიგაში სადებიუტო ჰეთ-თრიქი არ იკმარა და მომდევნო შეხვედრაში, კიოლნთან, დუბლი მიითვალა. 

ჰოლანდი ევროპული გრანდების ყურადღების ცენტრში ჯერ კიდევ 2016 წელს, ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატისას მოექცა. მოლდეს ფეხბურთელს არჩევანი დიდი ჰქონდა, მაგრამ მოკრძალებული ავსტრიული ზალცბურგი აირჩია.

ავსტრიაში ჰოლანდმა 14 შეხვედრაში 16 გოლი და 6 საგოლე პასი მიითვალა. მერე ჩემპიონთა ლიგის გოლები იყო. სუპერშედეგი – 6 შეხვედრაში 8 გოლი და 1 საგოლე პასი. ჰოდა, დაიწყეს სუპერკლუბებმა ერლინგ ჰოლანდზე ნადირობა. 

ვინ არის ის? დავიწყოთ იმით, რომ ერლინგი მან. სიტისა და ლიდსის ნორვეგიელი ნახევარმცველის, ალფი ჰოლანდის ვაჟია. იორკშირშია დაბადებული. თუმცა კარიერა ნორვეგიაში დაიწყო. 

„როცა პირველად მიოლდეში გამოჩნდა, ვერ ვიფიქრებდი, რომ ის ფეხბურთს ითამაშებდა, - ამბობს ერლინგის მაშინდელი თანაგუნდელი რუბენ გაბრიელსენი, - მაგრამ ისე სწრაფად შეიცვალა, მსგავსი ცხოვრებაში არაფერი მინახავს. ის გაცილებით ძლიერი და სწრაფია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. ის - ცხოველია.“

ცხოველი ცუდი დახასიათება სულაც არ არის. ჰკითხეთ ეს მეტოქეებს.

მიოლდეში ის 2017 წლის იანვარში მივიდა მეორელიგელი ბრიუნიდან, სადაც მხოლოდ 16 მატჩი ჩაეტარებინა. მალევე სანტიმეტრებთან და კილოგრამებთან ერთად გოლებიც მოემატა. პირველ სეზონში მან 20 მატჩში 4 ბურთი გაიტანა, შემდეგში - 12, 25 შეხვედრაში. მათ შორის, ოთხი ლიდერის, ბრანის კარში. მანამდე ბრანს 14 მატჩში მხოლოდ 5 ბურთი გაეშვა, ჰოლანდს კი სულ 20 წუთი ეყო მეტოქის დაცვის გასანადგურებლად. 

დორტმუნდამდე მას იუვენტუსი და ლევერკუზენი იწვევდნენ, მაგრამ გარიგება არ შედგა. რატომ?

„იუვენტუსის წინადადება ძალიან მაცდური იყო, მაგრამ ვიფიქრე, ტურინში გადასვლა ჩემთვის ნაადრევი იქნებოდა. დორტმუნდი კი ის კლუბია, რომელიც ახლა ყველაზე მეტად მჭირდება. მაინტერსებდა, როგორი როლი მექნებოდა ახალ გუნდში. აქ ძირითადში თამაშის მეტი შანსიც მაქვს,“ - ამბობს ჰოლანდი.

 


ნორვეგიელ ტალანტს მართლაც შეუძლია მსოფლიოს საუკეთესო თავდამსხმელი გახდეს. თუმცა ამ მიზნის მიღწევას ნაბიჯ-ნაბიჯ აპირებს. „დიახ, ეს ოცნებაა და ამ ოცნებას მილიონობით სხვა თანატოლებთან ერთად ვიზიარებ. ჯერ მამაზე უკეთესი უნდა გავხდე, მან პრემიერლიგაში 181 მატჩი ჩაატარა. მე მეტი მინდა ჩავატარო,“ - ამბობს ჰოლანდი.

ჭაბუკი ლიდსშია დაბადებული და ლიდსის ქომაგიცაა. ის კლუბთან ერთად პრემიერლიგის მოგებაზე ოცნებობს, თუმცა მანამდე კლუბს ჩემპიონშიფიდან ინგლისური ფეხბურთის ელიტაში დაბრუნება მართებს.

ფეხბურთელის თქმით, მისი ხასიათი ნორვეგიული ბავშვობიდან იღებს სათავეს. „იქ მასწავლეს, ყოველთვის, ნებისმიერ ვითარებაში, თავმდაბალი ვყოფილიყავი. ასეთი ვარ ახლა და იმედი მაქვს, არც მომავალში შევიცვლები,“ - დასძენს ჰოლანდი. 

რაც შეეხება დორტმუნდს. აღმოჩნდა, რომ გერმანელებმა 2.5 წელიწადში ამომავალი ვარსკვლავი 28-ჯერ ნახეს. კლუბის სპორტული დირექტორი რამდენჯერმე ინკოგნიტოდ ზალცბურგის ვარჯიშსაც კი დაესწრო. შედეგად კლუბმა 20 მილიონი ევრო მიიღო, მისმა აგენტმა მინო რაიოლამ 15 მილიონი. ამას გარდა 10 მილიონი გადაუხადეს ფეხბურთელის მამას – ალფ-ინგე ჰოლანს. 

დორტმუნდმა ნორვეგიელს 2004 წლამდე კი გაუფორმა კონტრაქტი, მაგრამ გამოსასყიდად მოკრძალებული 50 მილიონი დაუთქვა