ESPN: მანჩესტერმა პოგბას შემცვლელს მიაგნო

ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს ინგლისელები ნახევარდაცვის გაძლიერებას გეგმავენ

ESPN-ის ინფორმაციით, მანჩესტერ იუნაიტედს ბარსელონას ნახევარმცველის, ივან რაკიტიჩის გაფორმება სურს. წყაროს ცნობით, ინგლისელებმა ბლაუგრანას ოფიციალური თხოვნით უკვე მიმართეს.

 

კატალონიური გრანდი გამოცდილ ნახევარმცველს 20 მილიონ ევროდ აფასებს. ცნობილია, რომ წითელი ეშმაკები პოლ პოგბას და სკოტ მაკტომინეის არყოფნის პერიოდში ნახევარდაცვაში დანაკლისის ამოვსებას ცდილობენ. შეგახსენებთ, სულშერის გუნდს ორივე ფეხბურთელი ტრავმების გამო აკლია. აღნიშნულ ტრანსფერს მნიშვნელოვანი ფაქტორი აბრკოლებს - რაკიტიჩს ესპანეთიდან ოჯახის წაყვანა არ სურს. ამ ქვეყანაში ის 2011 წლიდან ცხოვრობს.

 

31 წლის ნახევარმცველი ბარსელონაში სევილიადან 18 მილიონი ევროს სანაცვლოდ 2014 წელს გადაბარგდა.

 

წლევანდელ სეზონში მან სასტარტო თერთმეტეულში ადგილი დაკარგა - ხორვატმა ლალიგაში მხოლოდ 15-ჯერ ითამაშა (7-ჯერ ძირითად შემადგენლობაში), მის ანგარიშზეა ორი საგოლე პასი.

 

ბლაუგრანასთან კონტრაქტი მას 2021 წლის ზაფხულში უმთავრდება.