ქართული დაცვა

ვინ არის სუპერლიგის ყველაზე სტაბილური დამცველი?

სუპერლიგაში ცოტა კარგი დამცველია. სამწუხაროდ, ცოტაა.

დაასრულა კარიერა ლევან ფაცაციამ, რომელიც ამ კომპონენტში საუკეთესო იყო. და, თუ დამოუკიდებელი ქართული კალათბურთის ისტორიას გადავხედავთ, ყველაზე მაგარი დამცველი მანუჩარ მარკოიშვილია.

ძალიან მაგარია, რომ ორივე ქართულ საკლუბო თემაში ჩაჯდა. მარკოიშვილი ტიტების კონსულტანტია და ზოგადად, ბევრ კარგ რჩევას აძლევს მოთამაშეებს. ტიტებს გაუმართლა.

ფაცაცია ორბის მთავარი მწვრთნელი გახდა და A ლიგიდან ერთი საფეხურით ზემოთ ეცდება კლუბის აწევას. მაგარი მონდომებულია. და, საკმაოდ ერუდირებული ამ თემებში.

დამცველებს დავუბრუნდეთ.

ვინ არის სუპერლიგის ყველაზე სტაბილური დამცველი?

ალბათ, მერაბ ბოქოლიშვილი. რომელიც კარგად ერგება სისტემას და შეიძლება, ნაკრებში რამდენიმე შეხვედრა უფრო დასამახსოვრებელია, ვიდრე ამ მოთამშის შიდა გარჩევები, მაგრამ დაცვაში ბიჭი დგას. და, იშვიათად უშვებს შეცდომებს.

ძალიან კარგი დამცველი იყო რეზო როგავა. სამწუხაროდ, ამ ჩემპიონატში რეზოს ცოტა თამაში ვნახე და ვერ გეტყვით, გაუმჯობესდა თუ, გაუარესდა მისი დაცვა, მაგრამ ის ზოგადად, კარგი დამცველია.

კარგი დამცველი იყო დელტაში გეგი ბაქრაძე. ხანდახან, უხეში, მაგრამ მთლიანობაში - კარგი. და გეგის ეს თამაში ლექსო ლაფანაშვილის ნიჭის და სისტემის დიდი დამსახურება იყო.

სუპერლიგის მოთამაშეების დიდმა ნაწილმა უფრო გულმოდგინედ უნდა შეასრულოს მწვრთნელის დავალება. და, როდესაც იღებენ დავალებას, დაცვაში ჩაუჯექი და არ გაატარო, ეს არ ნიშნავს, რომ აუცილებლად ვინმე უნდა ჩაჩეხო, დედა უტირო, კარიერა დაუმთავრო.

არა, უბრალოდ, გააკეთე ყველაფერი კორექტულად და თან, პატივი ეცი მოწინააღმდეგეს.

არ ვიცი, შეიძლება ვცდები, მაგრამ გია კაზანჯიანთან კარგი დამცველი გახდა ლევან მასხულია, რომელიც მანამდე, სხვა კლუბებში ბევრ არასწორ რამეს აკეთებდა. იმიტომ, რომ ასე ავალებდნენ. კაზოსთან ეს მოთამაშე შეიცვალა.

ვლადიმერ ბოისამ, კიდევ ერთმა მკვლელმა დამცველმა, ერთხელ მითხრა, კარგი დამცველი იმიტომ თამაშობს კარგ დაცვას, რომ სხვაზე უფრო მონდომებულია და არ ეზარება ენერგიის მოედნის ორივე მხარეს დახარჯვა. სიმართლეა.

როდესაც უყურებ მანუჩარს, ბოისას, ფაცაციას, ხვდები, რომ კარგი დაცვის თამაში შესაძლებელია. უბრალოდ, უნდა მოინდომოთ.

მაგალითები აგერ, სახეზეა.