მერანმა ვასაძე დაიმატა

თბილისელებმა ნახევარდაცვა გააძლიერეს

თბილისის მერანმა გიორგი ვასაძე დაიმატა. 31 წლის ნახევარმცველმა დედაქალაქელებთან 1 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. აქვე გეტყვით, რომ გასულ სეზონში ვასაძე ჯერ ვიტ ჯორჯიას, ხოლო შემდეგ რუსთავის ღირსებას იცავდა.

 

გამოცდილმა ფეხბურთელმა კარიერა სწორედ ვიტ ჯორჯიაში დაიწყო და მას შემდეგ არაერთი გუნდის მაისურა მოირგო. ვიტ ჯორჯია, მეტალურგი, სიონი, რუსთავი სწორედ იმ გუნდების ჩამონათვალია, სადაც ვასაძეს უთამაშია.

 

რაც შეეხება მერანს, თბილისელებმა წინა სეზონში ლიგა 2-ში პირველი ადგილი დაიკავეს და უძლიერესთა რიგებს შეუერთდნენ. ავთანდილ შენგელიას გუნდი პირველ ტურში ბათუმის დინამოს ესტუმრება.