თავდასხმა

ვუდვორდს აგინეს და ესროლეს

„ედ ვუდვორდი უნდა მოკვდეს,“ - ასეთი ლოზუნგით მიდგნენ მანჩესტერის გიჟმაჟი ფანები მათივე კლუბის ვიცე-პრეზიდენტს, რომელიც თავდასხმისას ოჯახთან ერთად შინ იმყოფებოდა. ვუდვორდმა სასწრაფოდ პოლიცია გამოიძახა, ამიტომაც შეტევა დიდხანს აღარ გაგრძელებულა. 

მანჩესტერის უნიათო თამაშით გაღიზიანებულმა რამდენიმე ათეულმა გადარეულმა ქომაგმა ვიცე პრეზიდენტის სახლს პეტარდები და სხვა საგნები წუხელ დაუშინა. იყო შეურაცხმყოფელი შეძახილები და გაშლილი ბენერები, რაზეც გარკვევით ეწერა - ედ ვუდვორდ, შენი...

ინციდენტის საპასუხოდ მანჩესტერმა განცხადება გამოაქვეყნა: „მომხდართან დაკავშირებით კლუბი პოლიციასთან აქტიურად თანამშრომლობს. ვცდილობთ, თავდასხმაში მონაწილე ყველა დამნაშავე გამოვავლინოთ და პასუხი მოვთხოვოთ. გვჯერა, რომ საფეხბურთო სამყარო გვერდში დაგვიდგება. თითოეული დამნაშავე სამუდამოდ დაკარგავს ჩვენს სტადიონზე შესვლის უფლებას, ამასთანავე აღიძვრება სისხლის სამართლის საქმე. ქომაგისგან აზრის გამოხატვა ერთია, შურაცხყოფა, ზიანი და მუქარა - მეორე.“  

მანჩესტერელებს ვუდვორდისა და კლუბის მფლობელ გლეიზერების ოჯახის მიმართ უკმაყოფილება ადრეც გამოუხატავთ, თუმც საქმე ასე შორს არ წასულა. 

საინტერესოა, რომ 1 თებერვალს, ვულვზთან მატჩისას ქომაგები პროტესტის ნიშნად ტრიბუნის დაცარიელებას და ოლდ ტრაფორდის დატოვებას აპირებენ.  

დღეს კი მანჩესტერს თანაქალაქელ სიტისთან აქვს კარაბაოს თასის გასვლითი საპასუხო შეხვედრა და თუ ისევ წააგო (პირველი მატჩი 1:3), ამბები მერე ნახეთ...