საქართველომ მოგებით დაიწყო

ავსტრიის მოლოდინში

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო ეტაპის F ჯგუფში გერმანიის ნაკრებს შეხვდა. მატჩი ჩვენი გუნდის სასარგებლოდ 3:1 დასრულდა.

 

ანგარიში სტუმრებმა გახსნეს. მე-5 წუთზე გოლი მანუელ ფიშერმა გაიტანა.

 

საქართველოს ნაკრების შეტევებმა შედეგი მე-11 წუთზე გამოიღო. გერმანელთა კარი არჩილ სებისკვერაძემ აიღო.

 

საერთოდაც ავთანდილ ასათიანის შეგირდები შესანიშნავად გამოიყურებოდნენ. მხოლოდ პირველ ტაიმში გერმანელთა კარის ძელს ბურთი ხუთჯერ მოხვდა, თუმცა სტატისტის როლში არც სტუმრები ყოფილამ, რომლებმაც კუპატაძის კართან რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნეს.

 

მეორე ტაიმის მე-9 წუთზე საქართველოს ნაკრები დაწინაურდა. რონინიოს მშვენიერი გადაცემის შემდეგ, თალესიმ უძლიერესი დარტყმით ანგარიში 2:1 გახადა. ორიოდე წუთში გერმანელთა კიპერმა შესანიშნავი სეივი შემოგვთავაზა, თუმცა ჯვარაშვილის დამატებულს ვერაფერი მოუხერხა და 3:1.

 

ჯგუფის მეორე შეხვედრაში კოსოვომ ავსტრია 4:2 დაამარცხა. რაც შეეხება ჩვენი გუნდის დარჩენილ მატჩებს, ასათიანის შეგირდები მეორე თამაშს 30 იანვარს გამართავენ, სადაც ავსტრიის ნაკრებს დაუპირისპირდებიან, 1 თებერვალს კი კოსოვოსთნ შეეცდებიან წარმატების მიღწევას. 

 

ამ მომენტისთვის F ჯგუფში პირველ ადგილზე 3 ქულით კოსოვოა, ამდენივე ქულა აქვს საქართველოს ნაკრებს, რომელიც შესაბამისად მეორე პოზიციაზეა, ავსტრია და გერმანია უქულოდ 3-4 ადგილებს იყოფენ. 

 

ფოტო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია