ანორთოსისი თასის 1/4 ფინალშია

კვიპროსულ გუნდში ჯანო ანანიძის დებიუტი შედგა

კვიპროსის თასის განმეორებით 1/8 ფინალურ მატჩში, თემურ ქეცბაიას დამოძღვრილმა ანორთოსისმა ნულოვანი ფრის შემდეგ ნიქოზიის ოლიმპიაკოსს უმასპინძლა და 3:0 დაამარცხა. 

 

აღსანიშნავია, რომ დღევანდელ მატჩში ჯანო ანანიძის დებიუტი შედგა. ქართველი ნახევარმცველი თამაშში 56-ე წუთზე ნიკა კაჭარავას ნაცვლად ჩაერთო, ბუბა დაუშვილი ძირითადში იყო და 81-ე წუთზე შეცვალეს, ოქრიაშვილმა მატჩი ტრავმის გამო გამოტოვა, ლორია კი ქეცბაიამ დაასვენა და განაცხადში არ ყოფილა. 

 

სათქმელია, რომ ანანიძემ მეტოქის ფეხბურთელს წითელი ბარათი მიაღებინა. 27 წლის ნახევარმცველი შეტევაში მიდიოდა, როცა უკნიდან ეუხეშნენ და მსაჯმა სტუმართა ფეხბურთელს პირდაპირ წითელი ბარათი უჩვენა. 

 

ქართველებით დაკომპლექტებულ გუნდს ჩემპიონატშიც კარგად აქვს საქმე. მართალია ბოლო მატჩი ომონიასთან დათმეს, თუმცა ქეცბაიას შეგირდები 36 ქულით პირველ ადგილზე არიან და 1 მატჩი თადარიგში აქვთ.