კობი - დაუნდობელი თამაშში, დამთმობი ცხოვრებაში

და, რჩება სიცარიელე.

ოჯახში, სამეგობროში ზიზღი, დაძაბულობა, შური არ უნდა შეიტანო. მოკალი ისინი და მხოლოდ ამის შემდეგ შეაღე ყველაზე თბილი, ყველაზე უღალატო კარიბჭე და დაისვენე საყვარელ ხალხთან ერთად. მათ ხომ შენ ყველაზე მეტად უყვარხარ და ენატრები. ისინი ყველაზე მეტად განიცდიან უშენობას და შენც მათი ღიმილის, სიმშვიდის, კეთილდღეობისთვის შრომობ.

რომ ერთ მშვენიერ დღეს აიტაცო ხელში ყველაზე უმცროსი, გაამხნევო შუათანა და ძმაკაცურად გადასძახო უფროსს, წავედით, დედა გარეთ გველოდება. ჯერ სასეირნოდ, შემდეგ სანაყინეში და საღამოს - მეგობრებთან.

წრე ნელ-ნელა იკვრება და ამ წრეზე შენ ვეღავ ნახავ ღალატს. ამ წრეზე ვერავინ გაგიღიმებს და შემდეგ, ამ ღიმილს ძვირად დაგიფასებს. ამ წრეზე ყველაფერი ნამდვილია. შენ არ ხარ შეპყრობილი ილუზიით, რომელიც გართმევს რეალობას და ვერ გრძნობ, როგორ მიდის წლები. ვერ გრძნობ დანაკლისს.

და, ერთ მშვენიერ დღეს, როდესაც გაახელ თვალებს, ოთახში შემოპარულ ცელქ მზის სხივს შეავლებ თვალს და ღიმილს დაუბრუნებ, აღმოაჩენ, რომ გარშემო სიცარიელეა. ყველა, ვინც შენთვის ერთგული, მზრუნველი და დაფასებული იყო, წავიდა.

და, რჩება სიცარიელე.

რომელიც ხმას არ იღებს. იქვე, ხის სკამზე ჩამომჯდარა და დუმს. არ გაკვირდება. მან შენ დიდი ხნის წინ შეგისწავლა და მხოლოდ გისმენს. და, შენც უსმენ. მას. სიცარიელეს. და ეს უხმო გულისცემა გართმევს ბოლო ძალას და შენც უგონოდ ეცემი.

შენ აღარ ხარ პატარა ბავშვი, რომელსაც თითქმის ყველა ცელქობას აპატიებენ და თუ შენ, ბავშვი სკოლიდან სახლში ცუდ ნიშანს მიიტან, სავარცხლით თავს არ გაგიპობენ შუაზე. ასეც ხდება ხოლმე.

გრჩება ერთადერთი მეგობარი. რომელიც ძირითადად, ცუდ ამბებზე გესაუბრება და ძირითადად, უგემოვნო, გაცვეთილ მუსიკას გაყურებინებს. ეს მეგობარი შენი ტელევიზორია.

და, თუ გაიგებ, რომ შენი საუკეთესო მეგობარი, რომელიც არასოდეს გინახავს, რომელსაც ვერასოდეს ვერ ჩამოართვი ხელი, რომელიც გიყვარდა...მოკლედ, როდესაც გაიგებ, რომ ეს მეგობარი აღარ არის, სიცარიელე უფრო დაუნდობლად, ხმამაღლა სუნთქვას იწყებს.

და, გესმის სიტყვები - კობი, ავტოკატასტროფა, 41 წლის, შვილთან ერთად, მთელი მსოფლიო, მონატრება.

ის, ვინც იყო დაუნდობელი თამაშში და ყველაზე მზრუნველი ცხოვრებაში.

ის, ვინც მილიონების ნებართვის გარეშე წავიდა. და, როგორც ჩვეულებრივ ეჭვმიტანილებში, კაიზერ სოზეს თითების დაწკაპუნებით, ფაფუ, აღარ არის.

იყო და, აღარ არის.