დააკვირდით პირდაპირ… ფეხებში!

ვიდეორეფერი ხარ თუ კორონავირუსი...

ეს რა უბედურებააო. ზამთარში, ქარში, წვიმაში, თოვლსა და ყინვაში დააყენებენ ოფლიან ფეხბურთელებს, თვითონ კი თბილ ოთახში ვიდეოჩანაწერს ატრიალებენ და დაობენ, იყო თუ არა ოფსაიდი; დაობენ, დაობენ და ხშირად სწორად ვერც კი ასკვნიანო. ეს სიტყვები ლივერპულის თავკაც იურგენ კლოპს ეკუთვნის, ოღონდ ცოტა შევცვალე. კლოპს მხოლოდ თამაშგარეზე დავის მომენტი არ გაუკრიტიკებია. მან ყველაფერი იგულისხმა: ხელით თამაში, მაისურზე დაქაჩვა, პენალტი და სხვა. რასაკვირველია ოფსაიდიც. 

დღეს მე მხოლოდ ოფსაიდზე ვილაპარაკებ.

ზოგადად, კლოპი მართალია. გაოფლილ ადამიანებს სიცივეში რომ აყენებ, ვიდეორეფერი ხარ თუ კორონავირუსი. და რაკი მედიცინას შევეხეთ, მოდი, აქვე ერთ მეცნიერულად დამტკიცებულ ფაქტსაც გადავწვდეთ: ადამიანის თვალს 350-600 მილიწამში ფოკუსი შორეული ობიექტიდან ახლო ობიექტზე გადააქვს. ანუ, მეცნიერ-ოფთალმოლოგებს იმის თქმა უნდათ, რომ თანამსაჯი ბურთს (პასის მომანტში), შემტევ ფეხბურთელს და დამცველ ფეხბურთელს ერთდროულად ვერ შეხედავს. ნუ, თუ რობოტი არ არის. რობოტი კი გახლავთ ვიდეორეფერი (VAR), რომელთანაც უკვე ბევრი პრეტენზია არსებობს. მათ რიცხვში ის, რომ კორონავირუსობას ცდილობს.

მოგეხსენებათ, ფეხბურთის ისტორიაში ოფსაიდის წესს ძირეულად სულ სამჯერ შეეხნენ. პირველად 1863 წელს შემოიღეს და თქვეს, რომ შემტევი გუნდის ფეხბურთელი ოფსაიდშია თუ მის წინ დამცველი გუნდის სამი მოთამაშეზე ნაკლები დგას. 1925 წელს წესი შეცვალეს და თქვეს, რომ შემტევი გუნდის ფეხბურთელის წინ სამი კი არა, ორი მეტოქე უნდა იყოს, ხოლო 1990 წელს დააზუსტეს, შემტევი გუნდის ფეხბურთელი ბოლოსწინა მეტოქესთან ერთ ხაზზე მაინც უნდა იყოსო.

ცხადია, ბოლო ორი კაცი მცველია, მეკარე და მცველი, მცველი და მეკარე თუ მარჯვენა და მარცხენა ნახევარმცველი, მნიშვნელობა არ აქვს.

და აი, ფეხბურთის წესთა უსტაბაშები ბოლო ცვლილებიდან 30 წლის შემდეგ კვლავ შეჩქვიფდნენ. მიზეზად ისევ ის ყბადაღებული VAR იქცა: გააჩერებენ თამაშს, გაყინავენ ფეხბურთელებს და უყურებენ. თუ შემტევი გუნდის მოთამაშეს დამცველი გუნდის ბოლოსწინა ფეხბურთელზე წინ ქოჩორი მაინც აქვს თამაშგარეს ნიშნავენ. უეფას პრეზიდენტმა იხუმრა, თუ შემტევს გრძელი ცხვირი აქვს, ოფსაიდი გამოდისო.

წარმოიდგინეთ, ხომ?  ორი კაცი ერთ ხაზზე კი დგას, მაგრამ იმას, რომელიც სახით კარისკენ არის, გრძელი ცხვირი აქვს. სასაცილოა.

მოკლედ, ისევ წესის შეცვლა უნდათ და ფიქრობენ, რაღაც ღრიჭო დათქვან. 20 ან 30 სანტიმეტრიანი. ამაზე მეტი უკვე ოფსაიდი იყოსო.


ატყდება ახლა ღრიჭოს ზომვა. დააყენებენ ამ ჩვენს ისედაც პნევმონიის პირას მყოფ ფეხბურთელებს ქარში და ატეხავენ გადახვევა-გადმოხვევას იმის დასადგენად, შემტევ და დამცველ მოთამაშეებს შორის 20 სანტიმეტრი იყო თუ 21.


ჩემი და ბევრის აზრით კი არსებობს გაცილებით მარტივი ვარიანტი: ფეხებს დააკვირდნენ. თუ ფეხები ერთ ხაზზეა ოფსაიდი არ იყოს, თორემ შემტევ კაცს სხეული უნებლიედ წინ ექნება გადახრილი, აბა რა. ან ხელი ექნება გაშვერილი. ან მართლა ცხვირი ექნება წაგრძელებული.

ერთგან კი (სამჯერ დამიკაკუნებია) აი, რა წავიკითხე: ფეხბურთშიც ჰოკეის მსგავსი ოფსაიდი ხომ არ შემოვიღოთო. ანუ, სადღაც საჯარიმო მოედანსა და ცენტრს შორის წყვეტილი ხაზი გავავლოთო და ეს ხაზი ჯერ აუცილებლად ბურთმა გადაკვეთოს და მხოლოდ მერე ფეხბურთელმაო. აი, თუ ამ ზონაში შეემტევი გუნდი წესების დაცვით შევა, მერე თავში ქვა უხლიათ, ვისაც სად უნდა იქ იდგეს, გინდა თამაშიდან და გინდა კუთხურიდანო. ასე გოლების რაოდენობას გავზრდითო.

ეჭვი მაქვს, ამერიკელის დაწერილი იქნება. ეგენი პატარა ანგარიშებს ვერ იტანენ.