ეს ფეხბურთია

მწვრთნელებმა ხულიგნებს შეუტიეს

კარაბაოს თასის ნახევარფინალში მანჩესტერული დერბის საპასუხო მატჩი შედგა - სიტიმ მანჩესტერს უმასპინძლა, 0:1 დათმო, მაგრამ შემდეგ ეტაპზე მაინც გავრდიოლას გუნდი გავიდა, რადგანაც პირველი მატჩი 3:1 ჰქონდა მოგებული.   

წაგებული გუნდის მწვრთნელმა ოლე გუნარ სულშერმა კი წინა დღის ინციდენტი გაიხსენა და თქვა:

„კლუბში ყველა აღშფოთებულია, ჩვენ ემოციური გულშემატკივარი გვყავს, მაგრამ პოზიციის გამოხატვასაც ცოდნა უნდა. მითქვამს და ვიმეორებ, რომ ყველანი სწორედ ახლა უნდა გავერთიანდეთ, რათა მანჩესტერს ჩვენი ერთობით მოვუტანოთ სარგებელი”.

 

 

შეგახსენებთ, რადიკალური გჯუფის წევრებმა წინა დღეს კლუბის აღმასრულებელი დირექტორის ედ ვუდვორდის ეზოში მაშხალები და ბოლისმფრქვეველი ყუმბარები ისროლეს და დირექტორს არც სიტყვიერი შეურაცხყოფა დააკლეს.

ახლა მანჩესტერის პოლიცია ეძებს დაახლოებით ოცკაციან ჯგუფს, რომელმაც ვუდვორდის ჩეშირულ სახლ-კარს, რომელიც 2 მილიონ გირვანქად არის შეფასებული, ზარალი მიაყენა.

ეტიჰედზე კი პროვოკატორები არც სიტის ფანებს აკლდათ. ზოგი მათგანი მანჩესტერის ქომაგებს 1958 წლის მიუნხენის ავიაკატასტროფაზე უყვიროდა და აღიზიანებდა. 

სიტის თავკაცი პეპ გვარდიოლა: „რაც მოხდა არ დამინახავს, მაგრამ მითხრეს და ძალიან არ მომეწონა. ასევე არ მომეწონა რაც ედ ვუდვორდს გაუკეთეს. ეს ფეხბურთია. და კიდევ, დარწმუნებული ვარ, ყველა კარგად ხედავს, რომ მანჩესტერს  ძლიერი შემადგენლობა ჰყავს”.

 

სულშერმა კი დაამატა: „ფეხბურთი თამაშია, რომელმაც ყველას სიამოვნება უნდა მიანიჭოს, მაყურებელი იქნება ეს თუ ფეხბურთელი. ჩემს ბიჭებს სულ ერთსა და იმავეს ვეუბნები, მოედანზე ღიმილით გადით და საკუთარი თამაშით ისიამოვნეთ, მეთქი. ფეხბურთით გულშემატკივრებმაც უნდა ისიამოვნონ. მეტოქეობა აუცილებელია, მაგრამ ეს თამაშის ფარგლებს არ უნდა გაცდეს”.