პრემიერლიგა Brexit-ის შემდეგ

ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლა ინგლისის ჩემპიონატსაც დაარტყამს

ბრექსიტი ყველაზე პოპულარულ ჩემპიონატს ნამდვილად შეცვლის. იურისტების აზრით, პრემიერლიგა არაერთ პრობლემას შეეჭიდება, რაც კლუბებსა და მათ შემადგენლობებზე ნათლად აისახება.

 

 

18-წლამდე ფეხბურთელების გაფორმება - პოგბას და ფაბრეგასის ისტორიები აღარ განმეორდება

FIFA-ს წესების მიხედვით, არასრულწლოვან მოთამაშეებს უცხოურ ჩემპიონატში გადასვლის ნება არ აქვთ. გამონაკლისის სახით, მსგავსი პრაქტიკა ევროკავშირის ქვეყნებში არის შესაძლებელი. ამრიგად, გაერთიანებული სამეფოს კლუბებს უცხოელი ტალანტების გაფორმება აღარ შეეძლებათ.

 

fabregas 16 years old-ის სურათის შედეგი

 

როგორც იცით, აქამდე ინგლისელებს ამ კუთხით პრობლემა არ ჰქონიათ. მაგალითად, პოლ პოგბა იუნაიტედში გადასვლის დროს 16 წლის იყო. ამავე ასაკში არსენალმა სესკ ფაბრეგასი, შემდეგ კი ჰექტორ ბელერინი გაიფორმა. ჩელსიმ დანიელი მცველი, ანდრეას კრისტენსენი სულაც 15 წლის ასაკში გაიფორმა. ამიერიდან, ბარსელონას, მადრიდის რეალს და მიუნხენის ბაიერნს სატრანსფერო ბაზარზე გაცილებით ნაკლები კონკურენტი ეყოლებათ - ინგლისურ კლუბებს ახალგაზრდა ვარსკვლავების გაფორმება ერთიორად გაურთულდათ.

 

 

 

დროებითი გადარჩენის შანსი - რეგულაციების შესაძლო გადავადება

 

პრემიერლიგის კლუბები იმედოვნებენ, რომ არასრულწლოვანთა შეძენის უფლებას არავინ ჩამოართმევს, თუმცა საფეხბურთო იურისტებს ამის არ სჯერათ.

 

The Telegraph-თან საუბრისას ცნობილმა სპორტულმა ადვოკატმა, ჯეიკ კოენმა თქვა: ინგლისურ კლუბებს სატრანსფერო პრობლემების მოგვარებას ახლავე ვურჩევ. საქმის გადადებამ, შესაძლოა, მათ სამომავლო მიზნებს სერიოზული ზიანი მიაყენოს“.

 

კოენის აზრით, ყველაფერი FIFA-ს მე-19 რეგლამენტზე არის დამოკიდებული. აღნიშნულ ჩანაწერში ფეხბურთელთა ტრანსფერები და სტატუსტი არის დეკლარირებული. ადვოკატის აზრით, ბრიტანელები ახალ რეგულაციებს მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაურჩებიან, თუ FIFA გამონაკლისის სახით კანონმდებლობას შეცვლის, რაც ნაკლებად სავარაუდოა. მისი თქმით, ერთადერთი რეალური გამოსავალი იქნება, თუ ინგლისურ გუნდებს ზაფხულამდე ახალგაზრდა ტალანტების შეძენის შესაძლებლობას მისცემენ. ამ შემთხვევაში, პრემიერლიგის კლუბები ახალი რეგულაციებისთვის სათანადოდ მოემზადებიან.

 

 

ზოგი ჭირი მარგებელია - ადგილობრივებს თავის გამოჩენის შანსი ექნებათ

ბრექსიტი უამრავ პრობლემას გამოიწვევს - არასრულწლოვანთა გაფორმების ბარიერი ერთადერთი თავის ტკივილი არ გახლავთ. როგორც ცნობილია, ბრიტანეთში ევროკავშირის მოქალაქე ყველა ფეხბურთელს მუშაობის ნებართვა დასჭირდება, რაც ვითარებას უფრო ამძიმებს. აქამდე ეს ნებართვა ევროკავშირის ქვეყნებიდან წამოსული მოთამაშეების გარდა, სხვა უცხოელებს სჭორდებოდათ. ზოგჯერ ეს პროცესი ისე იწელებოდა, რომ ტრანსფერი ჩაშლის პირამდე მიდიოდა.

 

ომარ მომანის კარიკატურა


გარდა ამისა, პრემიერლიგაში სეზონის განაცხადში გუნდს სულ მცირე 8 ადგილობრივი ფეხბურთელი უნდა ჰყავდეს - საუბარია იმ მოთამაშეებზე, რომლებიც 21 წლის ასაკამდე მინიმუმ 3 სეზონის განმავლობაში ინგლისში ასპარეზობდნენ. როგორც ცნობილია, ინგლისის ფეხბურთის ასოციაცია ამ წესს ართულებს - 8-ის ნაცვლად, განაცხადში 12 ფეხბურთელის შეყვანა გახდება აუცილებელი. სამაგიეროდ, FA ალტერნატივას სთავაზობს - უცხოელ ფეხბურთელებს მუშაობის ნებართვის აღება აღარ დასჭირდებათ. ამის განსახორციელებლად ინგლისის ფეხბურთის ასოციაცია ბრიტანეთის საიმიგრაციო კონტროლის სამსახურთან უნდა შეთანხმდეს. რა თქმა უნდა, კლუბები ამ რეფორმას ეწინააღმდეგებიან - მათ განაცხადში ზედმეტი 4 მოთამაშე ნამდვილად არ სჭირდებათ, თუმცა FA-ის ალტერნატივა მთლად ურიგო არ ჩანს.

 

 

საბოლოოდ არაფერია გარკვეული

დაახლოებით ერთი წლის წინ The Telegraph-მა საინტერესო კვლევა ჩაატარა, რომელმაც სავალალო შედეგი აჩვენა - იმ შემთხვევაში, თუ ევროკავშირიდან აქამდე გადმოსულ ფეხბურთელებს დამატებით მუშაობის ნებართვის აღება დასჭირდებოდათ, ლეგიონერთა ორი მესამედი მას ვერ მიიღებდა. ამ ჩამონათვალში ჩელსის ნახევარმცველი, ნგოლო კანტე მოხვდა. მომავალში, სავარაუდოდ, ახალი კანონმდებლობა ერთ-ერთ პოტენციურ ვარსკვლავს ინგლისში თამაშის ნებას არ მისცემს. ბუნებრივია, კლუბები ევროკავშირის მოქალაქეებისთვის მუშაობის უფლების გაუქმებას მხარს უჭერენ, თუმცა ინგლისის ფეხბურთის ასოციაცია ამას მხოლოდ ადგილობრივი ფეხბურთელების კვოტის ზრდის შემდეგ დაუშვებს.

 

kante le havre-ის სურათის შედეგი

 

მაგალითად, პრემიერლიგის პირველ სეზონში (1992-93) ინგლისელი ფეხბურთელები სათამაშო დროის 70 პროცენტს იყენებდნენ. შედარებისთვის, გასულ სეზონში ამ რიცხვმა საგრძნობლად იკლო - ადგილობრივმა მოთამაშეებმა მხოლოდ დროის 33% გაინაწილეს, დანარჩენი ლეგიონერებმა აითვისეს. ბუნებრივია, ამ სტატისტიკამ FA აღაშფოთა.

 

დაკავშირებული სურათი

 

საბოლოოდ, ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლა ისე მოახლოვდა, რომ პრემიერლიგის კლუბებმა სამომავლო სტრატეგია ახალ კანონმდებლობას ვერ მოარგეს. ინგლისური კლუბების ხელმძღვანელებმა არ იციან, როგორ გაუმკლავდნენ ახალ მოცემულობას. მათთვის ჯერ კიდევ გაუგებარია, ახალგაზრდა უცხოელი ტალანტები რა გზით გაიფორმონ, როგორ მოიქცნენ მუშაობის ნებართვის საკითხზე და განვითარების გზა რა ფორმით წარმართონ.

 

ამ ეტაპზე მხოლოდ ერთის თქმა შეგვიძლია - ბრექსიტი პრემიერლიგას საგრძნობლად შეცვლის.