ჯოკერი ჯოკრებით

მეორე სეტში სერბი თითქმის ყველა დარიგებაზე ორი ჯოკრით იყო.

ნოვაკ ჯოკოვიჩმა დაშალა როჯერ ფედერერი. ავსტრალიის ღია პირველობის ისტორიაში სერბი ყველაზე მკვლელი და ჯიუტია. ის, უბრალოდ, არ არის მზად წასაგებად.

7:6, 6:4, 6:3. ნოვაკმა პირველ სეტში სერიოზული პრობლემების მოგვარების შემდეგ, მუხლზე გადაიტეხა შვეიცარიელი. 2 საათი. თავისი 18 წუთით. და, ფედერერი წარსულშია.

ნოვაკი პირველ სეტში 1:4 აგებს. და როჯერი უფრო ახლოს იყო კიდევ ერთ ბრეიქთან, ვიდრე - ჯოკოვიჩი ამ სეტის აღებასთან. სერბი მივიდა ტაი ბრეიქამდე და იქ დახატა. გუაშით. შემდეგ, სისხლით.  ნოვაკმა კიდევ ერთი შედევრი შექმნა.

ავსტრალიაში ჯოკოვიჩს არ აქვს წაგებული ნახევარფინალი. 12:0. იდეალური შედეგი. და, ნოვაკი ამ გრაფაში პირველზეა. რაფაელ ნადალთან ერთად. ესპანელს 12/12 ნახევარფინალი როლან გაროს ქვიშაზე აქვს წამოღებული. შემდეგ მოდის ყველაზე ადრე წასული - ბიორნ ბორგი, რომელმაც 6-6 ნახევარფინალი საფრანგეთში და უიმბლდონზე მოიგო.

ფინალის მოგებით ჯოკოვიჩი რეიტინგის სათავეში დაბრუნდება. იქ, სადაც მას ეკუთვნის. ოთხივე მეიჯორზე ბოლო 44 მატჩიდან ნოვაკმა 42 მოიგო. ტიპი თითქმის არ აგებს.

ფედერერი მიკროტრავმით თამაშობდა. ფედერერი გრძნობდა ტკივილს. და, პირველ სეტში როჯერი ტკივილზე დაუნდობელი იყო. 4:1-მდე. შემდეგ, ნოვაკმა გადაწყვიტა, რომ უხერხულია წაგება და მოიგო.

მეორე ნახევარფინალში დომინიკ ტიმი და საშა ზვერევი დაილაპარაკებენ. სერბი ზვერევთან - 3:2. სერბი ტიმთან - 6:4.

ნოვაკი როჯერთან - 27:23. და, კანიბალმა ზედიზედ მეოთხედ გადაუჯოკრა როჯერს ავსტრალიის ნახევარფინალში.

მეორე სეტში სერბი თითქმის ყველა დარიგებაზე ორი ჯოკრით იყო.

როჯერს ცუდი ხელი ჰქონდა.

იდეალური შტორმი ნოვაკისგან. ჯოკოვიჩი ფინალშიც ფავორიტია. სულ რომ ორივეს ერთად ეთამაშოს.