ჩვენი მიზანია, ვაჩვენოთ აგრესიული, შემტევი რაგბი

ვფიქრობთ, მაყურებელი მრავლად მოვა

საქართველოს ნაკრებმა რუმინელებთან მატჩამდე ორი დღით ადრე შევარდენის სანაკრებო ბაზაზე ღია ვარჯიში გამართა, რომელსაც გულშემატკივრებთან ერთად ჟურნალისტებიც ესწრებოდნენ.

 

ვარჯიშის შემდეგ ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა და მორაგბეებმა კომენტარი გააკეთეს:

 

ლევან მაისაშვილი, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი:

„ეროვნული ნაკრების მწვრთნელობა ნებისმიერი ადამიანისთვის უდიდესი პასუხისმგებლობაა. ილუზია იმისა, რომ მოკლე პერიოდში რადიკალური ცვლილებები მოხდებოდა არავის გვქონდა. ჩვენი მიზანია, ვაჩვენოთ აგრესიული და შემტევი რაგბი. განვლილი მსოფლიო თასის შემდეგ ყველა მორაგბეს დაუკმაყოფილებლობის გრძნობა აქვს და ვეცდებით გულშემატკივარს საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმი ვაჩვენოთ. როგორც წესი, პირველ მატჩს ყოველთვის ახლავს ტექნიკური წუნი და ვცდილობთ შეცდომები მინიმუმამდე დავიყვანოთ. ყველას აქვს შეგრძნება, რომ უკეთესი გუნდი ვართ, ვიდრე იაპონიაში გამოჩნდა და ამის დამტკიცებას ვეცდებით. ეს მარტივი არ იქნება, რადგან ფავორიტს ყველა განსაკუთრებული მოტივაციით ეთამაშება"

 

შალვა მამუკაშვილი:  

„რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ნაცნობი მეტოქეებია. თუმცა, რუმინეთის ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ყავს და მისგან გარკვეულ სიახლეებს ველოდებით. ჩვენი მიზანია, რომ კონცენტრაცია საკუთარ თამაშზე შევძლოთ. ვეცდებით, ვაჩვენოთ შემტევი, სანახაობრივი თამაში, რასაც დიდი ხანია ჩვენგან გულშემატკივარი ელის“.

დავით კაჭარავა:


„საფრანგეთში სამდღიანი შეკრება მნიშვნელოვანი იყო, რადგან მოკლე პერიოდში მატჩისთვის სრულფასოვანი მომზადება ძალიან რთულია. მსოფლიო თასის შემდეგ პირველ შეხვედრას ვატარებთ, თანაც თბილისში, „დინამო არენაზე“ და, ვფიქრობთ, მაყურებელი მრავლად მოვა. ჩვენ მზად ვართ იმისათვის, რომ საუკეთესო თამაში ვაჩვენოთ“.

გელა აფრასიძე:


„საფრანგეთში სამდღიანი შეკრება გვქონდა, სადაც ჩვენი სისტემების დახვეწაზე ვიმუშავეთ. მსოფლიო თასის შემდეგ ყველას მეტის მოლოდინი გვაქვს და ვეცდებით შაბათს გულშემატკივარს სტრესი მოვუხსნათ“

 

www.rugby.ge