ნაპოლიმ ქულებთან ერთად ფეხბურთელებიც დაკარგა

ანჩელოტის გუნდს პრობლემები არ ელევა

სერია ა-ს მე-18 ტურის ცენტრალური მატჩი სან სიროზე გაიმართა, სადაც ინტერმა ნაპოლის უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა. ეს ერთადერთი გოლი 91-ე წუთზე ლაუტარო მარტინესმა გაიტანა და გუნდს უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოუტანა.

 

აღნიშნულ მატჩში ანჩელოტის გუნდმა ქულების გარდა, დროებით ფეხბურთელებიც დაკარგა. საქმე იმაშია, რომ მარეკ ჰამშიკი ტრავმირებულია და გუნდს მომდევნო მატჩში ბოლონიასთან ვერ დაეხმარება. სტუმართა კაპიტანმა 24-ე წუთზე ბარძაყის არეში დისკომფორტი იგრძნო და სლოვაკი ნიკოლა მაკსიმოვიჩით შეცვალეს.

 

გარდა ჰამშიკისა ნაპოლი მომდევნო შეხვედრაში კალიდო კულიბალისა და ლორენსო ინსინიესაც მოისაკლისებს. ორივე მათგანმა ინტერთან წითელი ბარათები მიიღეს.

 

ამ მომენტისთვის გუნდს სერია ა-ში 41 ქულა აქვს და მეორე ადგილზეა.