ნიმუში

გიორგი ჩაკვეტაძე – ის ნიმუშია დამწყები ფეხბურთელებისთვის, ბავშვებისთვის და მოზარდებისთის. 19 წლის ჭაბუკმა GFF AWARDS მოიგო, ანუ საქართველოს წლის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. თუმცა საქმე მხოლოდ ჯილდოში არაა.

რაც ჩაკვეტაძემ სექტემბრის პირველი რიცხვებიდან მოყოლებული გააკეთა, ბევრად მეტი იყო, ვიდრე ჯილდო. ვიცნობთ ბევრ ადამიანს, რომელსაც ფეხბურთზე ხელი ჰქონდა ჩაქნეული და ამ შემოდგომაზე გული მოუბრუნდა.

 

უმთავრესი, რაც გააკეთა, იმედი ჩაუსახა მომავალ თაობას: იშრომეთ, ბოლომდე მიჰყევით საქმეს, თავში ნუ აგივარდებათ, სხვისი ნუ შეგშურდებათ და მხოლოდ შეეჯიბრეთ, ბარიერები (თუნდაც ხელოვნურად შექმნილი) დასძლიეთ, იყავით თვითკრიტიკულები და საწადელს მიაღწევთ.

 

ვიცით გიორგის განვლილი გზა, ჯერ კიდევ 10–11 წლისა ლამის მარტო იგებდა ტურნირებს, ზოგჯერ ბომბარდირიც ხდებოდა და საუკეთესო ფეხბურთელიც. თუმცა ისიც ვიცით, რომ ია-ვარდით მოფენილი გზა არ ჰქონია. მისი ოჯახი არც ფინანსებით ყოფილა გამორჩეული და შესაბამისად, არც გავლენით. ჩაკვეტაძემ თავისი თავი შექმნა.

 

დაახლოებით ორწელიწადნახევრის წინ, ჩაკვეტაძემ ვიტალი დარასელიას სახელობის პირველ ტურნირზე ითამაშა და ვარსკვლავები არ მოუწყვეტია. ალკმაარისა და ტრაბზონსფორის შემტევები უფრო ჩანდნენ. იმ პერიოდში თითქოს მცირე ჩავარდნა ჰქონდა, ვერც 17–წლამდელთა ნაკრებში ითამაშა – იტალია,რუსეთი და ბოსნია იყვნენ ჯგუფში. საქართველომ სამივე მატჩი წააგო და ჯგუფში ჩარჩა.

 

მერე ხომ იცით, როგორ იწყება. „მორჩა მაგის ფუტბოლი“, „ჯანი არა აქვს“ და ასეთები... თუმცა მაგარი მაშინ ხარ, როცა რთული მდგომარეობიდან გამოხვალ. ჩაკვეტაძემ მაგალითი მისცა პატარებს – იშრომეთ და არ დაგეკარგებათ.

 

პიროვნულადაც, დააკვირდები 19 წლის ჭაბუკს და მიხვდები, რომ არანაირი პრანჭვა–გრეხვა თუ ზემოდან ყურება არ ახასიათებს. ბავშვურია და მოკრძალებულიც.

 

ასე რომ, ჩაკვეტაძეს მხოლოდ გოლები, დრიბლინგები და ლამაზი პასები არ შეუქმნია. მეტიც გააკეთა.