მარცხი და უბრალო ბითაძე

ექსპერტები გოგას უკვე თვლიან ევროპის ყველაზე პერსპექტიულ მოთამაშედ და ნბა-ს მომავალ დრაფტზე წესით მასზე ტაციაობა უნდა იყოს

ევროლიგის რეგულარული გათამაშების მორიგ ტურში, ბუდუჩნოსტი, სადაც ჩვენებური გოგა ბითაძე თამაშობს მილანს ესტუმრა და უშანსოდ 94:111 წააგო.

 

მიუხედავად დიდი ანგარიშით მარცხისა, საქართველოს ნაკრების ცენტრი უბრალო იყო. მართალია, ბითაძე სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა და მატჩში სათადარიგო სკამიდან ჩაერთო, მაგრამ მაინც გამორჩეული გახლდათ და მაქსიმუმი გაიღო. 19 წლის ქართველ კალათბურთელს, ევროლიგაში დებიუტი რამდენიმე დღის წინ ბაიერნთან ჰქონდა და თავი 17 ქულით გამოიჩინა, ამჯერად კი გუნდს 23 ქულით შეეწია, რასაც 8 მოხსნა და 3 დაფარებაც მიამატა. გოგამ პარკეტზე ჯამში 26 წუთი დაჰყო.

 

გოგა ბითაძეს, ოკეანისგაღმიდან ისედაც გამადიდებელი შუშით აკვირდებიან და ევროლიგაზე ნათამაშები მატჩების შემდეგ მასზე მოთხოვნა კიდევ უფრო გაიზრდება. ექსპერტები გოგას უკვე თვლიან ევროპის ყველაზე პერსპექტიულ მოთამაშედ და ნბა-ს მომავალ დრაფტზე წესით მასზე ტაციაობა უნდა იყოს.

 

ბუდუჩნოსტი  ევროლიგაში წარუმატებლად თამაშობს – 16 მატჩში მხოლოდ 3 მოგება აქვს და ბოლოსწინა მე-15 ადგილზე იმყოფება. მომდევნო შეხვედრას ევორლიგის ეგიდით მონტენეგროელები 9 იანვარს, თელ-ავივში  მაკაბისთან გამართავენ.