გაიხარეთ, გაგვახარეთ!

2018 წლის 10 ნოემბერი, ჩვენი ქვეყნისთვის რუტინულ და ერთ ჩვეულებრივ დღედ ნამდვილად არ შემორჩება. არავინ იცის, როგორი იქნება დღის დასასრული, სიხარულის ყიჟინას შემოვცხებთ თუ მოვიწყენთ, მაგრამ ამ დღისთვის ერი დიდი ხანია ემზადება, ხელებს იფშვნეტს.

ქართველ ერს სპორტი უყვარს!

ქართველებისთვის სპორტი სხვა საუნჯე, სხვა სამყაროა!

 ქართველებს შეუძლიათ სპორტზე დაუსრულებლად ილაპარაკონ ქორწილებში, დაბადების დღეებზე, ნათლობებში, ქუჩაში ჩაცუცქულებმა, ტრანსპორტში. მოკლედ, ყველგან...

თითქმის სამი ათეული წლის წინ, საქართველოს დედაქალაქში მარკიზი ხუან ანტონიო სამარანჩი იყო ჩამოსული, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი. მაშინ, საქართველო ოლიმპიურ ოჯახში ახალი გაწევრიანებული იყო, რაც სწორედ სამარანჩის ხელდასმით მოხდა. მარკიზიც, თბილისში სეოკ-ის შტაბ-ბინაში ოლიმპიური მუზეუმის გახსნას დაესწრო და წიგნშიც შემდეგი სიტყვები ჩაწერა: „საქართველო ტერიტორიულად და მოსახლეობით პატარა, მაგრამ დიდი სპორტული ტრადიციების ქვეყანაა“.

სპორტული ტრადიციებით მართლაც შეგვიძლია დავიკვეხნოთ.

10 ნოემბერს, თბილისმა, მთელმა საქართველომ სხვანაირად აღტკინებულმა გაიღვიძა. ბევრმა შესაძლოა ვერც დაიძინა, თვალს ატყუებდა, დახუჭული კი ჰქონდა, მაგრამ ლოგინში წრიალებდა, გონებაში ხაზავდა საქართველოს მორაგბეთა ნაკრების ლელოს და ქართველი გოლიათის თავს ზემოთ აღმართულ შტანგას. ასეთებისთვის ღამე ნამდვილად გაიწელებოდა...

ადრეც ყოფილა დამთხვევები, ერთ დღეს საფეხბურთო და საკალათბურთო ნაკრებების მატჩი რომ გამართულა თბილისში. გვინახავს ერთი საათის ინტერვალში ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონიდან სპორტის სასახლემდე მოჩქარე ხალხის ნაკადი.დღეს კი აშხაბადიდად ფლორენციამდე ვართ გადაჭიმულები. აშხაბადში, ლაშა ტალახაძე გავა ფიცარნაგზე და კვლავ შეეცდება მსოფლიო გააოცოს, ხოლო ფლორენციაში, არტემიო ფრანკიზე ქართველი მორაგბეები დააგუგუნებენ ჰიმნს და შემდეგ იტალიის ნაკრებს შეაკლავენ თავს.

არასოდეს მქონია იმის განცდა, რომ უკვე ყველაფერს მივაღწიეო - თქვა ერთხელ საჩხერელმა ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ. არადა ბევრმა ალბათ არ იცის, რომ ბავშვობაში, ის ძალოსნობიდან თავისუფალ ჭიდაობაზე გადაერთო, თუმცა შემდეგ კვლავ სიმძიმეების აწევას დაუბრუნდა. დაუბრუნდა და ევროპის, მსოფლიოს და ოლიმპიური ჩემპიონიც გახდა. აღარაფერს ვამბობთ მსოფლიო რეკორდებზე. არავინ იცის, სად გადის ლაშა ტალახაძისთვის შესაძლებლობების ზღვარი. მოლოდინი ახლაც განსაკუთრებულია. ლაშა ტალახაძისგან მხოლოდ ჩემპიონობას ველით.

ფლორენციის ვიწრო თუ ფართო ქუჩებში კი დღეს ქართველები დაიარებიან. არტემიო ფრანკის სახელობის სტადიონზე დიდი რაგბია. ჩვენთვის დიდი რაგბი. რა ხანია 6 ერში შესვლას ვლამობთ. კარზე ვაკაკუნებთ, ვაბრახუნებთ, მაგრამ ჯერ არ გვპასუხობენ. ეს ტესტ-მატჩი კი ბევრი რამის დასამტკიცებლად გვჭირდება. 

ამიტომაც აიყარა ათასობით ქომაგი და ფლორენციის ქუჩებს შეესია. ამბობენ, დღეს, ფიორენტინას სტადიონის ტრიბუნებზე 10 ათასამდე ქართველი იქნებაო. ასეთი რამ კი არასოდეს მოხდარა. თბილისში, ანდორის ნაკრებთან სტადიონზე 40 ათასი ქომაგი კი მისულა და კალათბურთში სპორტის სასახლე ისე გადაგვიჭედია დასწრებადობის მხრივ ფიბას რეკორდიც მოგვიხსნია, მაგრამ სტუმრად ამდენი ქომაგი ამა თუ იმ ნაკრებს არასოდეს გაჰყოლია.

მატჩის უდიდესი მნიშვნელობის შესახებ კარგად უწყიან იტალიელებიც და იქაური მედია გვემუქრება. ამდენი წელია ტირიხართ და რით ვერ დაოკდითო. დღეს კიდევ ერთხელ აგატირებთ და თქვენს ადგილს მიგიჩენთო. თქვენამდე რუმინეთიც ასე იქცეოდა და ხმა გავაკმენდინეთო. თქვენც იგივე ბედი გელითო.

აკი თქვა ბორჯღალოსანთა ახალ ზელანდიელმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა, საქართველო ბრძოლაშია ბედნიერიო. ჰოდა, იბრძოლეთ ბიჭებო, იბრძოლეთ და თუ გაიმარჯვებთ ათასობით თქვენს თანამემამულეს დროებით მაინც დაავიწყებთ ყოფით პრობლემებს, ბანკის ვალებს და დოლარის კურსს. ატირდით და აგვატირეთ ჩვენც, ოღონდ არა ისე, როგორც იტალიელები გვიწინასწარმეტყველებენ, არამედ სიხარულის ცრემლები გადმოგვაყრევინეთ თვალებიდან.

ოჰ, როგორ გვინდა, იტალიელ ჟურნალისტებს ეს ქილიქი უკან მწარედ, ბუმერანგივით დაუბრუნდეს. 

ოჰ, როგორ გვინდა, საღამოს 8 საათზე თბილისის ქუჩები მანქანების საყვირების ხმამ მოიცვას.

ოჰ, როგორ გვინდა, დღეს საღამოს ყველა ბედნიერი იყოს ლაშა ტალახაძის და ბორჯღალოსნების ტრიუმფით.
გაიხარეთ და გაგვახარეთ!