არეალი ფართოვდება

გიორგი ჩაკვეტაძის ყაზახეთთან ბენეფისის შემდეგ მისდამი ევროპული გრანდების ინტერესი გაიზარდა

უეფას ერთა ლიგის დასკვნით, მეექვსე ტურში, დინამო არენაზე, საქართველოსა და ყაზახეთს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ (2:1), ქართული ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავის გიორგი ჩაკვეტაძის გარშემო ევროპულ გრანდთა ინტერესის არეალი გაიზარდა. 

გენტის 19 წლის შემტევი ნახევარმცველი, რომელმაც გუშინ ეროვნული გუნდისთვის მეხუთე გოლი გაიტანა და გიორგი მერებაშვილს საგოლედ უპასა, ევროპის წამყვანი მედია საშუალებების ინფორმაციით, მიუნხენის ბაიერნის, ტოტენჰემჰოტსპურსისა და ბორნმუთის მთავარი სამიზნე გახდა. 

marca-ს მტკიცებით, ჩაკვეტაძეს, რომელმაც ერთა ლიგაზე 4 გოლი გატანა და 3 საგოლე პასის მოგროვება შეძლო, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას გერმანული გრანდის მთავარი სამიზნე იქნება. რეკორდმაისტერს ქართველი ტალანტის შეძენა 2017 წლის ზაფხულშიც სურდა, თუმცა თავად ფეხბურთელმა ბელგიის ჩემპიონატი არჩია. 

მიუხედავად გერმანიის მოქმედი ჩემპიონის დიდი ინტერესისა, hitc.com-ის ინფორმაციით ბარსელონას ინტერესის ქვეშ მყოფ ჩაკვეტაძეს დიდი ხნის განმავლობაში დეზები და ალუბლებიც აკვირდებიან. 

ბოლო პერიოდის განმავლობაში არაერთხელ მოგახსენეთ, რომ გიორგის მიმართ ინტერესს ბარსელონა აქტიურად იჩენს. 

შეგახსენებთ, ჩაკვეტაძე გენტში 2017 წლის აგვისოში გადავიდა. მიმდინარე სეზონში გიორგის გენტისთვის ჩატარებულ 20 მატჩში 4 გოლის გატანა და ამდენივე საგოლე პასის გადაწოდება შეძლო.