ბიელსას კაცი

არგენტინაში მოსული, ინგლისში ჯაშუშია

პარასკევს, ჩემპიონშიპში, ტურის მთავარი მატჩი შედგა - ლიდერმა ლიდსმა რამდენიმე საფეხურით დაშორებულ დერბის უმასპინძლა... შედეგი, ერთ-ორი სიტყვა მეტოქეთა ტაქტიკასა და ზოგადად მატჩის შესახებ და მორჩა, შეხვედრაზე სიტყვა აღარც გაგრძელდებოდა, რომ ერთი ამბავი...

 

სწორედ მეტოქის ტაქტიკურ წიაღსვლებში გარკვევის მცდელობას ისეთი ხმაური მოჰყვა, აგერ, ალბიონიდან ჩვენამდეც რომ ჩამოაღწია.

 

მოკლედ, ამ მნიშვნელოვანი მატჩის წინ ლიდსის არგენტინელმა მწვრთნელმა მარსელო ბიელსამ ხრიკს მიმართა, მავანი ამფსონი დერბიში აფრინა და მეტოქის შესახებ ცინცხალი ინფორმაციის მიწოდება მოთხოვა.

 

ჯაშუში დერბის საწვრთნელ ბაზას მიადგა და მეტოქის გუნდის ვარჯიშს მიაშტერდა. კლუბის წარმომადგენლებმა კი შენიშნეს და მსწრაფლ პოლიციას გამოუძახეს.

 

სამარდალდამცავებმა საეჭვო ვერაფერი აღმოაჩინეს. უცნობს ბაზის პერიმეტრი არ გადაუკვეთავს, არც მიმდებარე ტერიტორიაზე არის რაიმე დაზიანებაო, დაასკვნეს  და იქაურობა დატოვეს. „ბიელსას კაციც“ მალევე გაეცალა იქაურობას. დერბის ვარჯიში ჩაიშალა. მწვრთნელმა ფრენკ ლამპარდმა კი თქვა, უმნიშვნელოვანესი თამაშისთვის გუნდის სათანადოდ მომზადება ვეღარ შევძელიო.

 

მოგვიანებით, მარსელო ბიელსამ მომხდარზე პასუხისმგებლობა აიღო და მედიას უთხრა:

 

„დიახ, ის კაცი დერბის ვარჯიშის საცქერლად მე გავუშვი, მეტოქეზე დამატებითი ინფორმაციის მიღება მსურდა. მომხდარის შემდეგ ფრენკ ლამპარდს ვესაუბრე, მან კი მითხრა, რომ არასპორტულად მოვიქეცი და ფიერ პლეის პრინციპები დავარღვიე. არადა, მე ჩემი შეხედულება მაქვს“.

 

ბიელსას ყურადღება აღარ გაუმახვილებია, თუმც საუბრისას ლამპარდს მისთვის ესეც უთქვამს, არ ვიცი არგენტინაში რა მოსულა და რა არა, მაგრამ რომელ ქვეყანაშიც ხარ, იქაურ წეს-ჩვეულებებს პატივი უნდა სცეო... ან უფრო მარტივად, სადაც ცხოვრობ იქაური ქუდი მოირგეო...

 

ამ ამბავთან დაკავშირებით  ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამაც დააფიქსირა პოზიცია, მომხდარს დეტალურად გამოვიძიებთო.

 

არადა, არგენტინაში, თურმე, მეტოქის ტერიტორიაზე ჯაშუშის შეგზავნა ჩვეულებრივი საქმე ყოფილა. ჩვენი ინგლისელი კოლეგები ტოტენჰემის არგენტინელ თავკაც მაურიციო პოჩეტინოს მიადგნენ და ბიელსას საქციელზე კომენტარი თხოვეს.

 

„ვფიქრობ განსაკუთრებული არაფერი მომხდარა. არგენტინაში მეტოქის ამ ფორმით დაზვერვა მოსული ამბავი. არგენტინაში მსგავსი ბიელსას გარდა სხვა მწვრთნელებსაც ხშირად გაუკეთებიათ. თუ გაქვს საშუალება, წადი და გაიგე რა ხდება მეტოქის ბანაკში. ინგლისში ეს უცხოა, არგენტინაში კი ჩვეულებრივი ამბავი“, - თქვა პოჩეტინომ, რომელიც ფეხბურთელობისას ერთი პერიოდი ნიუზ ოლდ ბოიზში სწორედ ბიელსას ხელმძღვანელობით თამაშობდა. 

 

დერბის მწვრთნელს ფრენკ ლამპარდს ის აღარ უთქვამს, წინა დღით ჩაშლილი ვარჯიშის გამო წავაგეთ ლიდსთან ეს მნიშვნელოვანი მატჩიო, მაგრამ წაიწუწუნასავით, იმ ამბავმა ჩვენს თამაშს გარკვეული დაღი დაასვაო...

 

ჰო, მთავარიც: ჩანს ბიელსას მეთოდმა კარგად იმუშავა და მისმა გუნდმა დერბი ქაუნთი 2:0 დაამარცხა და ქულებში სხვაობა კიდევ სამით გაზარდა.