ბასილაშვილის წარმატებული სტარტი

მომდევნო მეტოქე იტალიელი სტეფანო ტრავალიაა

მელბურნში რიგით 107-ე ავსტრალიის ღია პირველობა დაიწყო, რომელშიც ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი მე-19 ნომრად არის განთესილი.

 

ქართველმა მეჩოგნემ, რეიტინგის მეოცე ნომერმა, წლის პირველი დიდი სლემი გამარჯვებით გახსნა. ბასილაშვილის მეტოქე სასტარტო მატჩში ამერიკელი კრისტოფერ ეუბანსკი იყო, რომელიც 22 წლის გახლავთ და არსენალში უძლიერესი მოწოდება აქვს. ეუბანსკი ძირითად ბადეში საკვალიფიკაციო ეტაპიდან გავიდა, თუმცა ბასილაშვილის წინააღმდეგობის დაძლევა ვეღარ შეძლო.

 

მატჩი 2 საათზე მეტხანს გაგრძელდა და საბოლოოდ, ჩვენებურის გამარჯვები 6:4, 4:6, 7:6, 6:3 დასრულდა. ანგარიშიდანაც ჩანს, რომ ბასილაშვილს იოლი გასეირნება არ ჰქონია.

 

მეორე წრეში, ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე იტალიელი სტეფანო ტრავალია იქნება, რომელიც რეიტინგის 137-ე ჩოგანია და სასტარტო დაპირისპირება არგენტინელ გვიდო ანდრეოცის მოუგო.