ეჰ, ევგენი...

უკრაინელი თურქეთში მიდის

უკრაინის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი ევგენი კონოპლიანკა დღე-დღეზე კლუბს შეიცვლის და გერმანული შალკედან ბეშიქთაშში გადაბარგდება. ეს ამბავი ფეხბურთელის აგენტმა გიუვენ მემისმა გამოაცხადა და ისიც დასძინა, რომ მისი კლიენტი თურქულ კლუბს პირობებზე უკვე შეუთანხმდა, ახლა შალკე-ბეშიქთაშმა უნდა მოაგვარონ საქმეო.

 

მიზეზს არ იკითხავთ, რატომ მზადდება ეს ტრანსფერი, მით უმეტეს, როცა კონოპლიანკა შალკეს კარგად მოერგო?

 

 

უკრაინელი ფეხბურთელი ერთ-ერთი გახლავთ იმ შვიდიდან, რომელმაც პორტუსთან ჩემპიონთა ლიგის 1:3 წაგებული მატჩის შემდეგ ღამის კლუბში გადაწყვიტა გართობა და არც თუ მოკრძალებულად მოიქცა. მასსა და გვერდით მაგიდასთან მსხდომს შორის მცირე ინციდენტიც მომხდარა, შუაში კი მომსახურე პერსონალი ჩამდგარა. 

 

ეს ამბავი შალკეს ხელმძღვანელებამდე მისულა, ზოგ ფეხბურთელს მოუბოდიშებია, ცუდად მოვიქეცითო, კონოპლიანკა კი იქით გადასულა შეტევაზე, რაც მწვრთნელმა დომენიკო ტედესკომ ვეღარ აიტანა და ლამის ხელითაც შეხებია. შეგირდის ასეთ თავნებობას, აბა, რომელი თავმოყვარე მწვრთნელი მოითმენდა და ტედესკომაც უკრაინელი ფეხბურთელი მეორე დღეს ტრანსფერზე დააყენა. თავის მხრივ არც კონოპლიანკა არის ის ფეხბურთელი, მთხოვნელი სწრაფადვე არ გამოუჩენოდა. 

 

 

მემისმაც მირეკ-მორეკა და უკრაინელს ახალი სამსახური მალევე უშოვა. აგენტის თქმით, კონოპლიანკას აყვანა ფენერბახჩესაც სურდა, მაგრამ ფეხბურთელს ვერ მოურიგდა. მიმდინარე სეზონში უკრაინელმა შემტევმა ბუნდესლიგაში 14 მატჩი ჩაატარა და ორი საგოლე პასით გამოირჩა.