რონალდუს გასახდელში გამოჩენა განსაკუთრებული იყო

მიუხედავად ახალგაზრდული ასაკისა, მას მაინც საუკეთესოობა სურდა. 

კრიშტიანუ რონალდუს პრემიერლიგური ისტორია ყველასთვის კარგადაა ცნობილი. მან ინგლისში 6 სეზონი გაატარა და იუნაიტედის ისტორიაში საკუთარი სახელი ოქროს ასოებით ჩაწერა.

 

2003 წლის 16 აგვისტოს მანჩესტერი ბოლტონს მასპინძლობდა. ანგარიში 1:0 იყო და სერ ალექს ფერგიუსონი ფიქრობდა რითი გაეძლირებინა შეტევა. საბოლოოდ მან მოედანზე კრიშტიანუ რონლადუ შეუშვა, რომელსაც კონტრაქტი 10 დღის წინ ჰქონდა გაფორმებული. მართალია მე-7 ნომერს მაშინ გოლი არ გაუტანია, თუმცა შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარა. ფერგიუსონის შეგირდებმა მატჩი საბოლოოდ 4:0 მოიგეს. 

იმ დღეს ოლდ ტრაფორდზე ვარსკვლავი დაიბადა, რომელმაც პრემიერლიგაში ბრწყინვალე ისტორია დაწერა. რონალდუმ მანკუნიელთა რიგებში თითქმის ყველა ტურნირი მოიგო, რაც კი შეიძლებოდა.

 

18 წლის ფეხბურთელმა თავი სხვა რამითაც გამოიჩინა მანამდე სანამ მისი დებიუტი შედგებოდა. ამ თემაზე რონალდუს ყოფილმა გუნდელმა ქუინტონ ფორჩუნმა ისაუბრა.

 

„როცა რონალდუ გუნდში მოვიდა, იგი საკუთარ თავში ძალიან დარწმუნებული იყო. ეს უბრალოდ დაუჯერებელი გახლდათ. ის გასახდელში დადიოდა და ყველას ეუბნებოდა, რომ სურდა საუკეთესო გამხდარიყო.“-განაცხადა სამხრეთ აფრიკელმა The Guardian-თან ინტერვიუში.

 

ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად მას სურდა, რომ ყველაზე კარგი ყოფილიყო. რონალდუს კარიერა შესანიშნავად განვითარდა. მანჩესტერში გატარებული არაჩვეულებრივი პერიოდის შემდეგ იგი რეალისთვის ფასდაუდებელ მოთამაშედ იქცა, ახლა კი იუვენტუსისთვის ირჯება.

 

„პირველი მატჩი, რომელიც მანჩესტერის წინააღმდეგ ჩავატარე უბრალოდ წარმოუდგენელი იყო. გუნდელებმა მითხრეს, რომ მალე ინგლისში გადავიდოდი, შემდეგ გავიგე, რომ ფერგიუსონს ჩემთან საუბარი სურდა. მან მე გასახდელში შემიყვანა და მოთამაშეები გამაცნო. სერ ალექსმა მითხრა, რომ მას ჩემი წაყვანა უნდოდა. 2 დღის შემდეგ ინგლისში ჩავედი და იუნაიტედთან კონტრაქტი გავაფორმე.“-განაცხადა რონალდუმ.