მეფის ტახტი ტომპსონმა დაიკავა 

ლოს ანჯელესში მთავარი გმირი გოლდენ სტეიტის ლიდერი გახდა

22 იანვრის დილას, საკალათბურთო სამყაროს ყურადღება სტეპლს ცენტრისკენ იყო მიმართული, სადაც ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშის - ლებრონ ჯეიმსის ლოს ანჯელეს ლეიკერსი თანამედროვეობის მსოფლიოს უძლიერეს გუნდს და NBA-ს ბოლო ორი სეზონის ჩემპიონ გოლდენ სტეიტ ვორიორსს გულშემატკივრობდა.

 

„მეფე“ ტრავმის გამო, რომელიც თითქმის ერთი თვეა გრძელდება, პარკეტზე არ იმყოფებოდა, თუმცა დღევანდელ შეხვედრაში მთავარ გმირად სულ სხვა ადამიანი მოგვევლინა, საუბარი მეომრების ერთ-ერთ ლიდერ კლეი ტომპსონზეა, რომელმაც ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის რეკორდიც დაამყარა და მისი გუნდის გამარჯვებაც განსაზღვრა. კალიფორნიელთა მცველმა დღეს 26:51 წუთში, 44 ქულა ჩააგდო, 2 პასი და 3 მოხსნა მოაგროვა. ამ ყველაფერში უმნიშვნელოვანესი კი ის არის, რომ ამერიკის ნაკრების წევრმა თამაშის დაწყებიდან ზედიზედ 10-სამქულიანი ისე ჩააგდო, რომ ერთი სროლაც კი არ გაუცუდებია, რაც აქამდე არავის მოუხერხებია.

 

ტომპოსნის უდიდეს მონაგარს კევინ დურანტმა 20 ქულა, სტეფ კარიმ კი ორმაგი დუბლი (11 ქულა, 12 პასი, 5 მოხსნა) დაამატა და საბოლოოდ ოქროს შტატელმა ბიჭებმა - 130:111 იმარჯვეს.

 

კალიფორნიელებს, რომლებმაც ზედიზედ მერვე მატჩში იმარჯვეს, უკვე 33 მოგება და 14 მარცხი დაუგროვდათ, რაც დასავლეთ კონფერენციაში საუკეთესო შედეგია. რაც შეეხება ლიგის მეორე ყველაზე ტიტულოვან კლუბს, ლეიკერსის მოგება/წაგებათა ბალანსი - 25:23-ს უდრის, რა მაჩვენებლითაც ლებრონის გუნდს მეცხრე პოზიციაზე ყოფნის შესაძებლობა აქვს.