ნაევროპელები - ვინ რა გზა გაიარა

გია ცეცაძის ფორმაციის 19 წლამდე ნაკრებმა, 2013 წელს ნამდვილი ფურორი მოახდინა და ევროპის ჩემპიონატზე გავიდა. ამ სტატიაში მოგითხობთ იმის შესახებ, თუ ამ ნაკრებიდან ვინ რა გზა განვლო ევროპირველობის შემდეგ. 

2013 წელს გია ცეცაძის ფორმაციის 19 წლამდე ნაკრებმა, ევროპის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდში პირველი ადგილი დაიკავა და ევროპის 8 საუკეთესო გუნდში მოხვდა. ცეცაძის შეგირდებმა ჯერ ინგლისთან 1:1 ითამაშეს, შემდეგ შოტლანდია დაამარცხეს 3:1, თანაც ისე რომ მსაჯმა ორი ჩვენიანი გააძევა, ბოლოს კი ბელგიას 2:0 მოუგეს.

 

მართალია ახალგაზრდა ჯვაროსნებმა ჯგუფში მხოლოდ ერთი ქულა აიღეს, თუმცა ევროპის ჩემპიონატზე გასვლა ჩვენისთანა ქვეყნისთვის უკვე მოვლენაა და ამ გუნდის უკლებლივ ყველა წევრი ქების ღირსია.

 

ამ სტატიაში შემოგთავაზებთ ჩემპიონატის შემდეგ ფეხბურთელების მიერ განვლილ გზას. ზოგი საქართველოს ნაკრების ფებხურთელია და უცხოეთში წარმატებით თამაშობს, ზოგიც ეროვნულ ლიგაში თამაშობს და ზოგიც ქვედა ლიგის გუნდში გამოდის.

 

გაბრიელ თებიძე - თებიძე იმ დროისთვის საკმაოდ პერსპექტიულ მეკარედ იყო მიჩნეული. მას ერთ-ერთი დანიური გუნდი ეპატიჟებოდა, თუმცა ტრანსფერი არ გამოვიდა და 24 წლის ფეხბურთელს საქართველოში დარჩენა მოუწია. ევროპის ჩემპიონატის შემდეგ მის კარიერაში რამდენიმე ქართული გუნდი იყო. ამჟამად თებიძე ლანჩხუთის გურიას ფეხბურთელია.

 

დავით მთივლიშვილი - განაპირა მცველმა ერთი ხანობა ქუთაისის ტორპედოში დაჰყო და ვერავინ იტყვის, რომ ცუდად გამოიყურებოდა. შემდეგ მშობლიურ ლოკომოტივს მიაშურა, იყო ზესტაფონიც, თუმცა რამდენიმე თვით. მთივლიშვილმა 3 წელი სამტრედიაში გაატარა, სადაც საქართველოს ჩემპიონი გახდა. 2018 წლის პირველი ნახევარი განაპირა მცველმა შევარდენში გაატარა, ამჟამად კი ფოთის კოლხეთის ღირსებას იცავს.

 

ლაშა დვალი - თამამად შეიძლება ითქვას, რომ 2013 წლის ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, ყველაზე დიდი პროგრესი ლაშა დვალმა განიცადა. იგი ყველა ასაკობრივი ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი იყო და ეროვნულ ნაკრებში თამაშის გამოცდილებაც აქვს. 2015 წლიდან ლაშა ქვეყნის მთავარი გუნდის ფეხბურთელია და დებიუტი არც მეტი არც ნაკლები გერმანიის ნაკრებთან ჰქონდა. 12 მატჩში 1 გოლი. ეს საქართველოს ნაკრებში დვალის მონაგარია. რაც შეეხება მის საკლუბო ამბებს, 23 წლის მცველმა არაერთი გუნდი გამოიცვალა. სკონტო, ქასიმფაშა, დუისბურგი, შლიონსკი, ირტიში და პოგონი. ეს იმ გუნდების ჩამონათვალი, სადაც დვალი თამაშობდა. დაახლოებით ერთი კვირის წინ ცენტრალური მცველი ფერენცვაროსში გადავიდა.

 

ლაშა დვალი და მესუთ იოზილი


ნიკა სანდოხაძე - სანდოხაძე ნაკრების ვიცე-კაპიტანი იყო და გუნდისთვის დიდ ძალას წარმოადგენდა. ევროპირველობის შემდეგ ნიკამ ცოტა ხანი ქუთაისის ტორპედოში დაჰყო, შემდეგ ლოკომოტივში ხოლო ყველაზე კარგი პერიოდი მაინც სამტრედიაში ჰქონდა. 2016 წელს იგი იმერელთა რიგებში საქართველოს ჩემპიონი გახდა. წინა წლის დასასწყისში სანდოხაძემ ლვოვის კარპატს მიაშურა, საიდანაც რფს-ში გაანათხოვრეს და ახლა კვლავ ლვოველთა რიგებშია.

 

ლევან გეგეჭკორი - გეგეჭკორი მარტვილის მერანის აღზრდილია და 2015 წლის ზაფხულამდე სწორედ მეგრულ გუნდში თამაშობდა. შემდეგ ლევანმა არაერთი ქართული კლუბის მაისური მოირგო ახლა კი ქუთაისის ტორპედოს ფეხბურთელია. მისი კარგი ასპარეზობა ვლადიმირ ვაისის ყურადღების გარეშე არ დარჩენილა. სლოვაკმა სპეციალისტმა მას რამდენჯერმე თავის გამოჩენის შანსი მისცა, თუმცა მხოლოდ ამხანაგურ მატჩებში.

 

დავით უბილავა - განაპირა მცველმა ნახევარი სეზონი ტორპედოში დაჰყო, შემდეგ ლოკომოტივში გადავიდა და დღესაც რკინიგზელთა არამარტო ლიდერი, არამედ კაპიტანია. უბილავა საქართველოს ჩემპიონატში ერთ-ერთი გამორჩეული მარცხენა მცველია.

 

გურამ სამუშია - სამუშიამაც სხვების მსგავსად რამდენიმე ქართული გუნდი გამოიცვალა. უმეტესად იგი ზესტაფონში და ზუგდიდში გამოდიოდა. ბოლოს გორის დილაში თამაშობდა, ხოლო როგორც თავად ფეხბურთელმა ჩვენთან საუბრისას განაცხადა, ახალი სეზონიდან სამტრედიაში ითამაშებს.

 

ავთო ენდელაძე - ენდელაძე ნაკრებისთვის დიდი ძალა იყო, თუმცა სამწუხაროდ ნახევარმცველი დიდად ვერ განვითარდა. ამ მომენტისთვის ენდელაძე სამტრედიაში თამაშობს.

 

თემურ მარკოზაშვილი - ევროპის ჩემპიონტის შემდეგ მანაც მხოლოდ ქართული გუნდების მაისური მოირგო. ტორპედო, ცხინვალი, სამტრედია და ახლა უკვე საჩხერის ჩიხურა. სათქმელია, რომ მარკოზაშვილი ჩიხურას მშვენივრად შეეწყო და ყველაზე კარგად სწორედ სოსო ფრუიძის გუნდში გამოიყურება.

 

ბაჩანა არაბული - ამ თაობაში არაბული ყველაზე იმედისმომცემ ფეხბურთელად მიიჩნეოდა. ჯერ კიდევ 17 წლის იყო როცა ფორვარდი მანჩესტერ სიტიმ სინჯებზე მიიწვია. ევროპირველობის შემდეგ არაბულმა ესპანურ ალარკონს მიაშურა, თუმცა საქართველოში დაბრუნება მალევე მოუწია და თბილისის დინამოს მაისური მოირგო, სადაც ჩემპიონი გახდა. შემდეგ იყო სამტრედია, კვლავ დინამო და ახლა უნგრულ პუშკაშში თამაშობს. ბაჩომ საქართველოს ნაკრებშიც ითამაშა. ჯვაროსანთა რიგებში მან 6 მატჩი ჩაატარა.

 

ნიკა კაჭარავა - ევროპირველობის შემდეგ კაჭარავამ არაერთი ქართული და უცხოური გუნდის ღირსება დაიცვა. ახლა იგი ანორთოსისის ფეხბურთელია და ბოლო პერიოდში საკმაოდ კარგ ფორმაშია. ნიკამ საქართველოს ნარკებში 16 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.  

 

ნიკა კაჭარავა


ბაჩო მიქავა - მიქავამაც, ისევე როგორც მისმა ბევრმა თანაგუნდელმა რამდენიმე გუნდი გამოიცვალა. 24 წლის მეკარე დღესდღეისობით ფოთის კოლხეთის კარს იცავს.

 

ნიკა ჭანტურია  - ნიკა თავისი თაობის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელია. ტრავმების გამო მან საკუთარი პოტენციალი ბოლომდე ვერ გამოავლინა. დღეს ნიკა ლოკომოტივის ერთ-ერთი ლიდერია. სათქმელია, რომ ჭანტურია სწორედ ამ გუნდის აღზრდილია.

 

გიორგი ფანცულაია - ფანცულაია გუნდში წამყვანი ფიგურა იყო და ევროპის ჩემპიონატის შემდეგაც კარგი პერიოდი ჰქონდა, თუმცა სამწუხაროდ მისი კარიერა ისე არ წარიმართა როგორც ველოდით. წინა სეზონი გიორგიმ გორის დილაში დაიწყო და სამტრედიაში დაამთავრა. ბოლო ინფორმაციით ფანცულაია საჩხერის ჩიხურას ღირსებას დაიცავს.

 

დაჩი ცნობილაძე - გია ცეცაძის ფორმაციის 19 წლამდე ნაკრებში იგი საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშობდა, თუმცა დროთა განმავლობაში ცენტრალურ მცველად იქცა. ევროპის ჩემპიონატის შემდეგ იგი მხოლოდ ქართულ გუნდებში გამოდიოდა. ცნობილაძე საქართველოს ორ გზის ჩემპიონია და დღეს საბურთალოში გამოდის.

 

სანდრო გურეშიძე - გურეშიძემაც ისევე როგორც მისმა ბევრმა თანაგუნდელმა, მანაც მხოლოდ ქართული გუნდების მაისური მოირგო. ლოკომოტივი, სიონი, კოლხეთი და დაახლოებით 2 კვირის წინ ჭაღიაშვილის გუნდს დაუბრუნდა.

 

ბუდუ ზივზივაძე - ზივზივაძე დინამოს აღზრდილია და ეროვნულ ლიგაში დებიუტი სწორედ ყველაზე ტიტულოვან ქართულ გუნდში ჰქონდა. 2016 წელს იგი უკვე სამტრედიას  ფეხბურთელი გახლდათ და გუნდის ჩემპიონობაში დიდი წვლილი შეიტანა. ფორვარდი ცოტა ხნით დანიურ იესბიერგში გახლდათ, შემდეგ ისევ დინამოს მაისური მოირგო და გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დიდი შანსია ახალი სეზონიდან ქუთაისის ტორპედოში ითამაშოს. აქვე გეტყვით, რომ ზივზვაძეს საქართველოს ნაკრებშიც უთამაშია. ვლადიმირ ვაისმა მას თავის გამოჩენის შანსი 4 შეხვედრაში მისცა. ცნობისთვის, ზივზივაძე ორჯერ საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

 

ლუკა ზარანდია - ამ ნაკრებში ზარანდია ასაკით ყველაზე უმცროსი გახლდათ. უნიჭიერესი შემტევი ევროპირველობის შემდეგ ლოკომოტივის ლიდერი იყო, ამის შემდგომ 2 წელი გენკში გაატარა, თუმცა 1 ოფიციალური მატჩიც არ ჩაუტარებია და კვლავ მშობლიურ გუნდს მოუბრუნდა. 2017 წლის დასაწყისიდან იგი პოლონური არკას ფეხბურთელია და გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფიგურაა. ზარანდიას შარშან ეროვნულ ნაკრებშიც ჰქონდა დებიუტი და ჯვაროსანთა მაისური 2 შეხვედრაში მოირგო.

 

 

ლუკა ზარანდია

 

ფაქტია, ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ამ ბიჭებიდან ბევრად მეტს ველოდით, რადგან პოტენციალი აშკარად ჰქონდათ, თუმცა სამწუხაროდ იმედები არ გამართლდა. ზოგი ტრავმებმა გააწვალა, ზოგს საფეხბურთო ფორტუნამ აქცია ზურგი, ზოგიც მიღწეულით დაკმაყოფილდა და ისე აღარ მოინდომა როგორც საჭირო იყო. ერთი რამ ფაქტია. ყველა მათგანი ისეთ ასაკშია, რომ სწორი მუშაობისა და მონდომების ხარჯზე უფრო მაღალ დონეზე შეუძლიათ თამაში.